საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ 31 იანვარს, თბილისში, კლუბ "ვან საიდში" ფართომასშტაბიან ღონისძიებას უმასპინძლა, სადაც 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელები, სპორტსმენები და მსაჯები გამოავლინა.
კარატეს ფედერაციამ გასული წლის საუკეთესო მსაჯად გურიის რეგიონის კარატეს ფედერაციის ხელმძღვანელი, ლანჩხუთელი მერაბ თურქია აღიარა,ხოლო საუკეთესო ხუთ კარატისტს შორის მოხვდა ასევე ჩვენებური გიორგი კეჭეხმაძე, რომელიც ამავდროულად საქართველოს ნაკრების წევრიცაა.
მერაბ თურქიას თქმით, ღონისძიება საკმაოდ შთამბეჭდავი იყო და მას სპორტის დეპარტამენტისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
"მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ამდენი წარმატებული სპორტსმენი აქამდე არცერთ სფეროში არ ჰყოლია და არც დღეს ჰყავს. ფაქტია, ძალიან დიდ წარმატებებს აღწევს კარატისტთა ეროვნული ნაკრები, საქართველოში უმაღლეს დონეზე განვითარდა ეს უნიკალური სპორტი", -აღნიშნავს თურქია.
მისივე შეფასებით, გარდა ამ აღიარებისა, 2015 წელი სხვა მხრივაც ნაყოფიერი იყო ლანჩხუთელი კარატისტებისთვის, რადგან გასული წლის მონაგარში ჩვენებურების ანგარიშზე სულ 124 სხვადასხვა სინჯის მედალია. ამასთან, სამი სპორტსმენი: გიორგი კეჭეხმაძე, გუგა ივანაშვილი და ნიკა ჩხაიძე კარატისტთა ეროვნული ნაკრების წევრები ოფიციალურად გახდნენ.