გუშინ თბილისის მერიასთან "პარტიზანმა მებაღეებმა" საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი თბილისის მერთან ან ვიცე მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. მერიის დაცვის სამსახურმა "პარტიზან მებაღეებს" მერიის შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა. ორგანიზაციის დამფუძნებლის, ნატა ფერაძის, განმარტებით, ნარმანია დაპირდა მათ შეხვედრას, მაგრამ გავიდა ყველა დათქმული ვადა და მერმა პირობა არ შეასრულა.
"პარტიზანი მებაღები" თბილისის მერთან მოლაპარაკებას ვაკის პარკში მშენებარე სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობის გამო ითხოვდნენ.
დღეს თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლებს შეხვდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელეს.
თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, ამ ეტაპზე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია და დედაქალაქის მთავრობა ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით ინვესტორთან მოლაპარაკებებს მართავს.
"ძალიან სამწუხაროა, რომ წინა ხელისუფლების დროს ასეთი სახის ნებართვა გაიცა. ჩვენ ცალსახად არ ვეთანხმებით, რომ ამ ადგილას განხორციელდეს მშენებლობა, არ მოგვწონს ეს ფაქტი და შესაბამისად, ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. სამწუხაროდ, სამართლებრივად, ინვესტორს გააჩნია სამშენებლო ნებართვა. ამჟამად, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო პროცესი არ მიმდინარეობს, გამომდინარე აქედან,აქციების მოწყობის მოტივი ცოტა არ იყოს გაურკვეველია, თანაც იმ დროს,როდესაც ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გადავჭრათ ეს პრობლემა და დავიცვათ როგორც ინვესტორის, კერძო მესაკუთრის უფლებები, ასევე, საზოგადოების ინტერესები, რათა არც ერთი მხარე არ დაზარალდეს", – განაცხადა ვიცე-მერმა.