ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა _ ნათია შარაშენიძემ, ლევან მგელაძემ, თამარ ნადირიძემ და გოჩა ძიმისტარაშვილმა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გელა კობალაძეს განცხადებით 29 იანვარს მიმართეს _ დეპუტატები ამავე საკრებულოს ეთიკისა და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ირინა საჯაიას თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
1 თებერვალს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი მეხუთე საკითხად იყო გამოტანილი.
"ფარული ხმის მიცემის შედეგად მოხდება საკითხის გადაწყვეტა", _ თქვა საკრებულოს სხდომაზე გელა კობალაძემ.
ფარული კენჭისყრის შემდეგ, ირინა საჯაიას თანმდებობაზე დატოვებას მხარი 9 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 4 მისი გადაყენების მომხრე აღმოჩნდა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საჯაიამ თანამდებობა შეინარჩუნა.
"თქვენ ყველანი, დღეს იზიარებთ იმ მუქარას და ხართ თანამონაწილეები იმ მუქარის, რომელიც ქალბატონმა ირინა საჯაიამ 27 დეკემბერს ჩემ წინააღმდეგ წარმოთქვა. ქალბატონი ირინა წარმოადგენს ხელისუფლებას და ხელისუფლება იზიარებს ყველა მის სიტყვას. მან განახორციელა მუქარა ჩემ წინააღმდეგ სიტყვებით: "გპირდები, რომ ფეხქვეშ გაგიგდებ!" ეს მოხდა მის კაბინეტში სამუშაო საათებში", _ უთხრა ნათია შარაშენიძემ საკრებულოს ცხრა დეპუტატს.
"საკრებულოს ოთხმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ჩემი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ყველა პროცედურა ჩატარდა და საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ისევ ვრჩები თანამდებობაზე. რა უნდა ამ ოთხეულს ჩემგან, ვერ გამიგია და საერთოდ, მირჩევნია, რომ მტრები მყავდეს ღირსეული", _ თქვა ჩვენთან საუბრისას ირინა საჯაიამ.