მუჰამედ ალი
პარკინსონის დაავადება უკურნებელ სენთა კატეგორიას მიეკუთვნება. ამ სენით დაავადებული ადამიანები კარგავენ სახის გამომეტყველებას, უჭირთ გადაადგილება, ხოლო მათი საუბარი მონოტონური და ჩუმი ხდება. ალი 40 წლისაც არ იყო, როდესაც ეს დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდგომ მან კიდევ ორი ბრძოლა გამართა, რომლებშიც დამარცხდა და საბოლოოდ წავიდა კრივიდან. ალბათ, ყველას გემახსოვრებათ ერთ დროს უძლეველი ჩემპიონი ალი, რომელიც ხელის კანკალით ანთებდა 1996 წლის ოლიმპიურ ცეცხლს ატლანტაში.
მეჯიქ ჯონსონი
1991 წელს, კარიერის პიკზე მყოფმა ჯონსონმა გამოაცხადა, რომ შიდსით არის დაინფიცირებული და სპორტიდან წასვლის განცხადება გააკეთა. როგორც თავად განაცხადა, თავიდან სპორტსმენს ეგონა, რომ მისი ყველა გულშემატკივარი და მეგობარი მას გვერდს აუქცევდნენ, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა. 1992 წელს, ქომაგთა თხოვნით, იგი კალათბურთში დაბრუნდა და 1992 წლის ბარსელონის ზაფხულის ოლიმპიადაზე ლეგენდარულ „დრიმ თიმთან” ერთად ოქროს მედლებს დაეუფლა, ამას მოჰყვა ხანმოკლე გამოსვლა „ლოს-ანჯელეს-ლეიკერსის” რიგებში და კალათბურთიდან საბოლოოდ წასვლა. 20 წელია, რაც ჯონსონი შიდსს ებრძვის და სპორტსმენის შემართება აღფრთოვანებას იწვევს მის ქომაგებში.
ლეო მესი
11 წლის ასაკში მესის მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს: შესაძლებელი იყო, რომ ის არასდროს გაზრდილიყო სიმაღლეში. მის მშობლებს სამკურნალო თანხები არ ჰქონდათ და, როდესაც მესის ნიჭით მოხიბლულმა „ბარსელონამ” გამოთქვა სურვილი, რომ აუნაზღაურებდა მკურნალობის ხარჯებს, მისი მშობლები სიხარულით დათანხმდნენ. მესი ესპანეთში, კერძოდ, კატალონიაში გადასახლდა, ხოლო კლუბს მისი მკურნალობა თვეში ათას ევრომდე უჯდებოდა. ამჟამად იგი პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და „ბარსელონის” უპირობო ლიდერია. კლუბში მას მეტსახელად „ქონდრისკაცს” უწოდებენ, რადგან მისი სიმაღლე, სულ რაღაც, 169 სანტიმეტრია.
მარიო ლემიე
1992 წელს ლემიეს ექიმებმა უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს: ლიმფური კვანძების ანთება მთელ სხეულში. მედიკოსების ერთი ნაწილის აზრით, ეს დაავადება კიბოს ერთგვარი სახეობაა, ხოლო სხვებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ინფექციაა, რომელიც სპორტსმენს ზურგზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ გადაედო. საშინელი დიაგნოზის მიუხედავად, ლემიემ დაძლია უკურნებელი სენი და დიდ ჰოკეიში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია – გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და მოიპოვა სტენლის თასი.