გურიაში თხილის ფასი დაეცა. ბოლო დღეების განმავლობაში ერთი კილოგრამი “ბერძნულა“ – 4 ლარი და 50 თეთრი ღირს, ხოლო “გულშიშველა“ _ 3 ლარი და 50 თეთრი.
თხილის მიმღებ პუნქტებში არ აკონკრეტებენ რა გახდა თხილის ფასის დაცემის მიზეზი.
მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის თხილი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. შესაბამისად, ფასის ვარდნამ მათ პრობლემები შეუქმნა.
ამ საკითხზე “საქართველოს განვითარების ფონდის“ შეხვედრაზე ერთ-ერთმა ოზურგეთელმაც გაამახვილა ყურადღება:
“ყველა აქ დამსწრეს აქვს სხვადასხვა სახის პრობლემა. თუმცა, გაჭირვებული ხალხის მთავარი პრობლემა თხილის ფასია. უმრავლეობას თხილი შენახული აქვს და იმის მოლოდინში ვართ ფასი როდის აიწევს, _ აღნიშნა ფონდის შეხვედრაზე გამომსვლელმა.
ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ თხილის ფასის ვარდნა ხელოვნურად ხდება და ეს კონკრეტული პირების ბიზნეს ინტერესებშია.
გასულ კვირას, გურიაში თხილის ფასი 5-7 ლარს შეადგენდა.