უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს ამერიკელმა არქეოლოგებმა ალასკის შტატის ცენტრალურ ნაწილში. იქ, მდინარე ტანანას დელტაში, აღმოჩენილია ბავშვის სხეულის დამწვარი ნაწილები, რომელიც 11,5 ათასი წლის წინათ ცხოვრობდა.
"ასეთი ძველი ნარჩენები, რომლებიც მიეკუთვნება გონიერ ადამიანს, ჩრდილოეთ ამერიკის არქტიკულ რეგიონში აქამდე არავის აღმოუჩენია, – ხაზი გაუსვა შტატ ალასკის ქალაქ ფერბანჯსის უნივერსიტეტის არქეოლოგმა ბენ პოტერმა. ნარჩენები განეკუთვნება 2-4 წლის ბავშვს, რომელიც გამყინვარების პერიოდის სულ ბოლოს ცხოვრობდა" – დააზუსტა მან.
მისი სიტყვებით, გათხრების დროს ნაპოვნია შრომის ქვის იარაღები, კოცონი და პრიმიტიული ქოხის კვალი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მკვლევართათვის.
საქმე ისაა, რომ ამ რეგიონის უძველესი მობინადრენი ძირითადად მომთაბარულ ცხოვრებას ეწეოდნენ და თავის შემდეგ ძალზე მცირე რაოდენობის ნაგებობები დატოვეს. ქოხის ნანგრევები, რომლის აგებას ვარაუდობენ გამყინვარების პერიოდში, პირველადაა ნაპოვნი.
პოტერისა და მისი კოლეგების აზრით, თუ კბილების მიხედვით ვიმსჯელებთ, ბავშვს ძუძუთი კვებავდნენ და მისი ასაკი დაახლოებით 2-4 წელიწადს შეადგენს. როგორც ჩანს, მის ოჯახს ეკავა მაღალი მდგომარეობა ისტორიამდელი ადამიანების ჯგუფის იერარქიაში, ვინაიდან იგი ქოხის ცენტრში, კოცონზე დაწვეს და იქვე დამარხეს.
სწავლულებმა უარყვეს კანიბალიზმის ვერსია და დარწმუნებულნი არიან, რომ ბავშვი ბუნებრივი მიზეზით გარდაიცვალა. არქეოლოგები გეგმავენ, ჩაატარონ დნმ-ის ანალიზი, რათა დადგინდეს ბავშვის სქესი, სიკვდილის მიზეზი და ნარჩენების გვაროვნული კუთვნილება.