კოლორადოს შტატის პოლიციის ოფიცერი ტონი შერბი პოლიციაში 1987 წლიდან მუშაობდა. 29 წლიანი სამსახურის შემდეგ ის თადარიგში გასასვლელად ემზადება, თუმცა მანამდე თავისი ცეკვის წყალობით პოპულარობის მოპოვებაც მოახერხა.
ელ-პასოს ოლქის პოლიციის თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ ერთ-ერთი ლიფტი ხშირად ზიანდებოდა. მიზეზის დასადგენად კაბინაში ფარული კამერა დაამონტაჟეს. სწორედ ამ კამერამ დააფიქსირა პოლიციის ოფიცერის ცეკვა.
როდესაც ტონი შერბი ლიფტში შევიდა, მან ტელეფონზე პოპ-მუსიკის წლევანდელი ჰიტი „Silentó“-ს – Watch Me (Whip/Nae Nae) ჩართო და ცეკვა დაიწყო. ცოტა ხანში მას პოლიციის სხვა თანამშრომლებიც შეუერთდნენ და ლიფტში ნამდვილი საცეკვაო შოუ გაიმართა.