ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, გამგებლის მოადგილემ ბადრი გობრონიძემ ისაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილების შესახებ, რაც მთავრობის მიერ ბიუჯეტის 4 მილიონ 166143 ლარით გაზრდით გამოიხატა. მან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მათ შორისაა ოზურგეთის სოფლების საავტომობილო გზების შვიდი მონაკვეთის საფუძვლიანი რეაბილიტაცია, რომელიც ძირითადად ორ ეტაპად განხორციელდება.
დეპუტატებმა მოითხოვეს, კონკრეტულად დაესახელებინათ, სოფლებს შორის რა სიგრძის გზების რეაბილიტაცია მოხდება. გობრონიძემ ჩამოთვალა სარეაბილიტაციო გზების სია : სოფელ ნაგომრის გზის რეაბილიტაცია 1 კმ მონაკვეთით, მთისპირი-ფამფალეთის 910 მ. მონაკვეთი, მაკვანეთიდან ოზურგეთამდე 900 მ. მონაკვეთი, სოფელი ოზურგეთი-გურიანთა _ 2კმ 700 მ. მონაკვეთი, საიდანაც 1100 მ. ამ წელში უნდა გაკეთდეს. ბოხვაური-შემოქმედი 975 მ. მონაკვეთი, სოფელ ოზურგეთისა და ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის 900 მ. მონაკვეთი, გაღმა დვაბზუ- ბახვის შემაერთებელი გზის 900 მ. მონაკვეთი.
ბადრი გობრონიძემ განმარტა, რომ ტენდერები 1 აპრილისთვის დამთავრებული იქნება და გზების რეაბილიტაციაც დაიწყება.
" დროც საუკეთესოდაა შერჩეული, გაზაფხულიდან შემოდგომამდე პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდება, ზოგან სამ ეტაპადაც მოხდება მშენებლობა," _ თქვა მან.