ქალაქ ოზურგეთში, ორ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვა. სამუშაო ვერსია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ და მისმა მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა წარმოადგინეს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია შემუშავდა. მთავრობის დამტკიცებამდე დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, სამინისტრო აგრძელებს სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციების ციკლს თბილისსა და რეგიონებში, ასევე კონსულტაციებს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან, მთელი საქართველოს მასშტაბით.
მინისტრ მიხეილ გიორგაძის თქმით, ყველას აქვს საშუალება, სამუშაო ვერსიაში მიიღოს მონაწილეობა. ვისაც ექნება ამ დოკუმენტზე შენიშვნა ან რეკომენდაცია, შეუძლიათ ინტერნეტით ან წერილობით გაუგზავნოთ კულტურის სამინისტროს.
"მინდა რომ ფორმალურად არ მიუდგეთ ამ საქმეს. ეს იქნება დოკუმენტი, რომლის მიხედვით შემდეგ წლებში უნდა აღორძინდეს კულტურა. ეს არ არის სადღეგრძელოების კრებული," – განაცხადა კულტურის მინისტრმა.
მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა ვრცლად ისაუბრა დოკუმენტის შესახებ.
"ეს დოკუმენტი არის ცოცხალი, რადგან ყველას მოსაზრებები, შენიშვნები და რეკომენდაციები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. უკვე მივიღეთ ათობით რეკომენდაცია და კიდევ ველოდებით. თებერვლის ბოლომდე ნებისმიერს შეგიძლიათ მოგვწეროთ თქვენი შენიშვნები და რეკომენდაციები." – თქვა მინისტრის მოადგილემ.
კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვას ადგილობრივი ხელისუფლების, საჯარო სამსახურების და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.