კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 2016 წელს ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სარემონტო სამუშაოები არ იგეგმება.
კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის თქმით, თეატრს აუცილებლად ესაჭიროება რეაბილიტაცია.
"ადგილობრივ ხელისუფლებასთან გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი და კონსულტაციები. გარკვეული დაპირება მივიღე მათგან, რომ ეტაპობრივად მიექცევა ყურადღება. პირდაპირი გეტყვით, რომ წელს სამინისტროს რესურსებიდან გამომდინარე, ნაბიჯის გადადგმა არ იგეგმება ამ მიმართულებით. თუმცა თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიწყო გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაღაც დოზით სამინისტრო მაინც მიიღებს მონაწილეობას." – თქვა მიხეილ გიორგაძემ.
"გურია ნიუსი" არაერთხელ წერდა, რომ თეატრში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი თეატრის გუნდს დაპირდა. კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია ამ დაპირების შესახებ კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძემ უპასუხა.
"დაპირებასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, ეს ინფორმაცია არ მაქვს." – გვითხრა მინისტრმა.