ქალაქ ოზურგეთში უძველესი აბანოების ნაშთი 2012 წლის დასასწყისში აღმოაჩინეს, მაგრამ ამ დრომდე არ მომხდარა სარებიალიტაციო სამუშაოების ჩატარება. შეიძლება ითქვას, რომ უნიკალურ აღმოჩენას დიდი ზიანი ადგება. "გურია ნიუსი" ამ თემაზე წლებია წერს.
ძველი აბანოების საკითხი კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, მიხეილ გიორგაძესთან შეხვედრაზე დააყენა #2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლევან სიხარულიძემ.
"რომაული აბანოები (საუბარია უძველესი აბანოების ნაშთზე, ავტ) წლების წინ აღმოაჩინეს, მაგრამ არ ექცევა შესაბამისი ყურადღება. თუ ტურიზმის განვითარება გვინდა, ეს აბანოები, შეიძლება ითქვვას, პირდაპირი კავშირშია ტურიზმთან, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა ნახოს ეს უნიკალური აღმოჩენა." – თქვა ლევან სიხარულიძემ.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა შეხვედრაზე თქვა, რომ აბანოების გათხრა და არქეოლოგიური შესწავლა 2016 წელს არის დაგეგმილი.
"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს 2016 წელს ბიუჯეტში აქვს გათვალისწინებული აბანოს გათხრების გაგრძელება და არქეოლოგიური ექსპედიცია. ასევე ამავე სააგენტოს აქვს დაგეგმილი, ვაშნარის ციხე-ქალაქში სამუშაოების ჩატარება და ეს მოხდება წელს. ასევე დაგეგმილია ლიხაურის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადება." – თქვა მინისტრის მოადგილემ.