ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავზე დამაგრებული დახეული დროშა, რომელიც დიდი ხანია ფრიალებს, ახლით შეიცვალა. ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც საინფორმაციო სააგენტო "გურია ნიუსმა" ამის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
"დროშა უკვე გამოიცვალა. ეს ძალიან მალე მოხდა, როგორც კი გავიგეთ ამის შესახებ ინფორმაცია. მადლობა "გურია ნიუსს’" ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის", _ გვითხრეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ორგანული კანონში საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ წერია, რომ "დროშის დაცვას უზრუნველყოფენ შესაბამისი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და აკრძალულია დაზიანებული, გაუფერულებული ან სხვაგვარად შელახული საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენება"
კანონის თანახმად, სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა, იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.