მეორე მსოფლიოს ომის ვეტერანი ტომას ნორვუდი შეყვარებულს მორის ჯოისს 70 წლიანი განშორების შემდეგ შეხვდა. ამ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
21 წლის ტომასმა და 17 წლის მორისმა ერთმანეთი 1944 წელს, ლონდონში გაიცნეს. ომის დასრულების შემდეგ ნორვუდი აშშ-ში დაბრუნდა, მორისი კი საცხოვრებლად ავსტრალიაში წავიდა. წყვილი ურთიერთობას მიმოწერის საშუალებით აგრძელებდა. გარკვეული ხნის შემდეგ მორისს მოეჩვენა, რომ ტომასმა სხვა იპოვა და თანდათან მათი ურთიერთობა შეწყდა. ორივემ ოჯახი შექმნა. ტომას ნორვუდის მეუღლე 2001 წელს გარდაიცვალა, მორისი კი მეუღლეს 30 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაცილდა.
2015 წელს ჯოისმა ნორვუდის სახელი ნორმანდიის კამპანიისადმი მიძღვნილ გადაცემაში მოისმინა. მისმა შვილებმა ინტერნეტში მამაკაცის საკონტაქტო ინფორმაცია მოიძიეს და ხანდაზმულმა წყვილმა „სკაიპის“ საშუალებით ურთიერთობა აღადგინა. მედია-საშუალებების მიერ ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ ასეულობით მკითხველმა შემოწირულობა გაიღო, რომ ტომასს ავსტრალიაში მოგზაურობაში დახმარებოდნენ.
10 თებერვალს, 93 წლის ტომასი და 88 წლის მორისი ერთმანეთს ისევ შეხვდნენ. „ალბათ, ეს ყველაზე ჯადოსნური რამეა, რაც შეიძლებოდა მე შემთხვეოდა“ – განუცხადა ვეტერანმა ერთ-ერთ ტელეარხს. ხანდაზმული წყვილი მომავალს იმედით შეჰყურებენ და წმინდა ვალენტინის დღის ერთად გატარებას აპირებენ.