_ მადლობა, ჩემო ძვირფასებო! მიუხედავად იმისა, რომ დიდი ქრისტიანული დღესასწაულებია, ჩვენ ყველანი ქრისტიანები ვართ და სახლში ბევრი საქმე გვაქვს _ კვერცხების შეღებვა, მომზადება, მაგრამ ცხოვრება მიდის წინ, ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. რაც არ უნდა დღესასწაული იყოს, კარგი ამინდი იქნება, როგორც დღეს, თუ ცუდი, ძალიან ბევრი რამ გვაქვს ასაშენებელი. ერთ-ერთი, რაც მინდოდა ყოველთვის, ყველაზე ხშირად ვფიქრობდი _ ყველგან რაღაცა დაიწყო, ბათუმში იყო, ქუთაისში იყო, კახეთში იყო, თბილისში ხომ ძალიან ბევრი შენდება, როდის მოვახერხებთ, რომ გურიაში მშენებლობა ამოვქოქოთ, დავიწყოთ გამოსვლა იმ უბედურებისგან, სადაც ვიყავით? თქვენ გახსოვთ, მე აქ ვიყავი, სამი თუ ოთხი თვის წინ, საავადმყოფოს გახსნაზე და დაგპირდით ეს ყველაფერი გაკეთდებოდა. მე მინდა, თქვენ ანგარიში ჩაგაბაროთ _ ჯერ ერთი, იხსნება ეს იუსტიციის სახლი, რომ არსად არ მოგინდეთ ცნობებზე წასვლა, საბუთების ასაღებად სამარშრუტოში უამრავი ფულის გადახდა, ავტობუსებით ხეტიალი, სადღაც დარჩენა. საავადმყოფო აქ არის და არავის წასვლა, სამადლოდ ღამის გათევა, ნათესავებთან დარჩენა არ მოგიწევთ. ახლა ვაწყობთ ოზურგეთის ცენტრს და ამ სამუშაოს მივიყვანთ ბოლომდე, უკეთეს გზებს გავაკეთებთ, როგორც კეთდება ლიხაურში, _ განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილი სააკაშვილმა, ასევე თქვა, რომ გურიაში წელს ბევრი კარგი საქმე გაკეთდება და ამას ხალხი დაინახავს: _ თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მთავარი ის კი არ არის, ფასადები გავაკეთოთ, თუნდაც, ასეთი შენობები გავაკეთოთ, მთავარია, ხალხი დასაქმდეს. ამიტომ დღეს მე ვხსნი პროფესიულ სასწავლებელს “ჰორიზონტს”, სადაც ყველა თანამედროვე პროფესიას ყველა ასაკის ადამიანი აითვისებს იმისთვის, რომ არ იყოს იმაზე დამოკიდებული, როგორც ადრე მივდიოდი ელიავას ბაზრობაზე. წასულია აქედან ახალგაზრდობა, აქ უნდა გქონდეს პროფესია და აქ უნდა იყოს ამ პროფესიის გამოყენების საშუალება. წეღან ქალბატონი შემხვდა. მისი ორი შვილი, იმის გამო, რომ აღარ იყო ჩაწყობა და რამდენიმე წლის წინ მოხვდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში და ენერგეტიკოსები არიან, ახლა ელოდებიან იმას, რომ მართლაც აქ იწყება უახლოეს კვირეებში და თვეებში ბახვის ჰესების და რამდენიმე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა და ყველა კვალიფიციური ადამიანი დაგვჭირდება, როგორც ენერგოტრიკოსები, ასევე, მშენებლები, მძღოლები, ყველა ადამიანი. ურეკში ჩვენ ვიწყებთ, დავიწყეთ უკვე ურეკის სანაპირო ზოლის მოწესრიგება, არაფრით არ უნდა იყოს ნაკლები ბათუმზე და ანაკლიაზე. რა თქმა უნდა ბახმარო. ბახმარო ყველაზე ლამაზი ადგილია. წელს, ზაფხულში, ბახმარო იქნება ისეთი, როგორიც არასდროს და წელსვე ჩვენ ვიწყებთ ზამთრის კურორტის მშენებლობას ბახმაროში. იმის გამო, რომ ბახმარო იყოს ზაფხულში და ბახმარო იყოს ზამთარში და ჩამოდიოდეს ხალხი აქ, _ თქვა სააკაშვილმა.
_ ჩვენ ასევე ვაკეთებთ ბევრ კულტურულ დაწესებულებებს, ძალიან ბევრ სპორტულ დაწესებულებებს, გამოვყავით რამდენიმე ხნის წინ ფული და იწყება ჩვენი სიამაყის, ლანჩხუთის სტადიონის აღდგენა, ჩვენ გვინდა მას დავუბრუნოთ ძველი ბრწყინვალება და მერე შეიძლება ფეხბურთის მოგებაც ვისწავლოთ _ მარტო სტადიონი მაგას არ უშველის.
ასე რომ, გურია ის უიმედობა არ არის, რაც ჩვენ გვქონდა, არამედ მართლა გამოჩნდა პერსპექტივა, რომ აქ დაწყებული საქმეების შედეგად გურია გახდეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებული რაიონების ნაკრები, ერთ-ერთი განვითარებული რეგიონი. ეს არის ჩემი ვალი თქვენს წინაშე. მინდა გითხრათ, რომ ზედმეტად დიდი ხანი იყო მიტოვებული აქაურობა ბევრი ფაქტორის გამო _ ხან არეულობებით თბილისში, ხან ომი, ხან უბედურება, ხან ის, რომ საკმარისი ფული არ გვქონდა და კრიზისი. ახლა მივხვდით, რაც არ უნდა იყოს, რაც დაბრკოლებები, შევქნათ გურია, მთავრობისთვის ეს არის უპირველეს ყოვლისა _ გურია ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. _ ამ სიტყვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ჯერ იუსტიციის სახლი გახსნა, შემდეგ თეატრალურ მოედანზე დაწყებული სარემონტო სამუშაოები და ბოლოს პროფესიული სასწავლებელი “ჰორიზონტი” მოინახულა.