დღეს ოზურგეთში თხილის ფასი, წინა დღეებთან შედარებით, მაღალია. ერთი კილოგრამი "ბერძნულა" 5 ლარი და 20 თეთრი ღირს , "გულშიშველა" კი _ 4 ლარი და 20 თეთრი. როგორც თხილის მიმღებ პუნქტებში მომუშავეები ამბობენ, ორი დღეა, თხილის ფასმა მატება დაიწყო.
"იმასაც ამბობენ, მალე კილოგრამი თხილის ფასი 8 ლარს მიაღწევსო და თუ ასე იქნება, ხალხს იმედი დაუბრუნდება. კილოგრამი თხილის ფასი რომ სამ ლარზე ჩამოვიდა, ხალხი დაიზაფრა. ბევრი წერეთ ამ თხილზე, იქნებ, ცოტათი მაინც შეეშველოთ გლეხის საქმეს," _ გვითხრა ერთ-ერთმა მიმღებმა ნინო ჩიტაიშვილმა.
კითხვაზე, თუ ვისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ მალე კილოგრამი თხილის ფასი 8 ლარს მიაღწევს, მეთხილეები კონკრეტულ პირს ვერ ასახელებენ.
"ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე წინასწარ და თქვენ წარმოიდგინეთ, მატებაა თუ კლება, ხშირად მართლდება, რასაც წინასწარ ამბობენ," _ამბობენ თხილის მიმღები პუნქტების თანამშრომლები.