გორში პოლიტიკური ვითარება თანდათან იძაბება. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ დღეს ჩანიშნული ქალაქ გორის საკრებულოს სხდომა არ შედგა, რადგან 15 წევრიდან მხოლოდ 4 გამოცხადდა.
ქალაქ გორის საკრებულოს წევრი, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ თედლიაშვილი "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ რაც მოხდა დღეს გორში, არის უპასუხისმგებლობა.
"საკრებულოს სხდომაზე 15 წევრიდან არ მოვიდა 11 . დარბაზში ვიყავით მე და დავით წეწვაძე "თავისუფალი დემოკრატებიდან", მინდია გოდერძიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" და დამოუკიდებელი დეპუტატი იოსებ ფარელაშვილი. აქედან გამომდინარე, სხდომაზე არ შედგა ქვორუმი და ვერ ავირჩიეთ საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და ოთხი კომისიის თავმჯდომარე . ფაქტობრივად პასუხისმგებლობას ინაწილებენ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ის წევრები, რომლებიც არ გამოცხადნენ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე. რატომ არ დაესწრო ეს ხალხი საკრებულოს სხდომას, უცნობია," – გვითხრა თამარ თედლიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, 5 თებერვალს, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და ოთხი კომისიის თავმჯდომარე გადააყენეს თანამდებობიდან. აქედან გამომდინარე, საკრებულოს ახალი თავმჯდომარე, მოადგილე და კომისიის თავმჯდომარეები ეყოლება.
ფოტო: ია თინიკაშვილის