დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის, ლეონიდ გერგედავას შვილს თამარ გერგედავას პარიზში სწავლის და ცხოვრების ხარჯები დაუფინანსა.
ამ თემაზე კომენტირებისგან დღეს მერიის პრესსამსახურში თავი შეიკავეს, თუმცა მოგვიანებით მერიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი არ აქვს სამართლებრივ გადაცდომას, მერიამ მაინც დაიწყო შიდაუწყებრივი მოკვლევა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
"გურია ნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"თბილისის მერია, მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, მერიის ყოფილი თანამშრომლის, თამარ გერგედავასთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, საფრანგეთში სწავლის მიზნით, საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებას ეხმაურება.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდი უფლებამოსილია გამოყოს ფულადი სახსრები, მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა სახის მომსახურების დაფინანსების მიზნით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერი, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ განათლების დაფინანსების მიზნით, შინაარსიდან გამომდინარე, განცხადებებს განიხილავს მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, რომელიც საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შუამდგომლობს მერთან კონკრეტული მოქალაქისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე.
2015 წლიდან დღემდე ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან სწავლა 111 მოქალაქეს დაუფინანსდა. რაც შეეხება, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტებს, 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე, "სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის" ქვეპროგრამის ფარგლებში, დაკმაყოფილდა 2 553 განცხადება.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში რაიმე სახის სამართლებრივი გადაცდომა არ ფიქსირდება, საკითხთან დაკავშირებით, უკვე ინფორმირებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, რის საფუძველზეც, დაწყებულია შიდაუწყებრივი მოკვლევა, კერძოდ, ჩნდება კითხვა, თუ რის საფუძველზე მიუთითა მერიის თანამშრომელმა ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
მოკვლევის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით. შესაბამისი დასაბუთების არ არსებობის შემთხვევაში, თანამდებობას დატოვებს ყველა ის პირი, ვინც, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გასცა არასწორი ინფორმაცია და რეკომენდაცია."-ნათქვამია განცხადებაში.
ამავე თემაზე: "სოციალურად დაუცველი" პროკურორის ხუთნიშნა შემოსავალი



































































