თინათინ ხიდაშელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. იგი კონგრესმენ ჯიმ მაკდერმოტს შეხვდა და ამერიკის კონგრესში საქართველოს მხარდაჭერისთვის და დემოკრატიული პროცესების წახალისებისათვის მადლობა გადაუხადა, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” რესპუბლიკური პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
თინათინ ხიდაშელის თქმით, „საქართველოს დემოკრატიის აქტი _ 2012“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ჩვენი მეგობარი ქვეყნის კონგრესსა და სენატში მხარდაჭერის მობილიზების, საქართველოში არსებულ პრობლემებზე მსჯელობის გააქტიურებისათვის: _ აუცილებელია მხარდაჭერის მოპოვება, რომელიც საარჩევნო პროცესის სრულფასოვან მონიტორინგსა და სამართლიანი შეფასების და დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას შექმნის.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო იმ მოვლენებს, რომელიც თინათინ ხიდაშელისა და კონგრესმენის იანვრის შეხვედრის შემდეგ განვითარდა საქართველოში.
თინათინ ხიდაშელი: „ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა ამერიკელი კონგრესმენისგან, რომ მომავალშიც აშშ ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან მოითხოვს პასუხებს ყველა იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიულ ძალებს ექმნებათ, ვინაიდან მათი ინტერესი არა რომელიმე ერთ ადამიანის მხარდაჭერა, არამედ ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ქცევის ხელშეწყობაა.
თინათინ ხიდაშელმა შეხვედრები გამართა სენატორ რიჩარდ ლუგართან, სენატის უმრავლესობის სპიკერის დიკ დურბინის მრჩეველთან საგარეო საკითხებში, აგრეთვე კონგრესის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ევროპის, ცენტრალური აზიისა და ბალკანეთის განყოფილების ხელმძღვანელთან.
ხიდაშელი შეხვდა ასევე კონგრესმენ დანა როჰრაბახერს, რომელსაც იანვარში, ვაშინგტონში ვიზიტის დროსაც ესაუბრა.
მას კონგრესმენი როჰრაბახერი კონგრესში საქართველოს თემაზე სპეციალური ღონისძიებების დაგეგმვაში დახმარებას დაპირდა.