დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ოზურგეთის ვეტერან ფეხბურთელებს შეხვდნენ.
შეხვედრის საფუძველი ოზურგეთის ვეტერან ფეხბურთელთა კლუბის პრეზიდენტის მიერ ქალაქის მერისადმი გაგზავნილი წერილი გახდა, სადაც აღნიშნულია, რომ ვეტერან ფეხბურთელებს სურვლი აქვთ, თავიანთი მრავალწლიანი გამოცდილება კლუბ "მერცხალის" განვითარებას მოახმარონ.
აღნიშნული წერილის ავტორი და ვეტერან ფეხბურთელთა კლუბის პრეზიდენტი, მურთაზ აბაშიძე ქალაქის მერთან შეხვედრას არ დასწრებია. როგორც გაირკვა, ვეტერანები წერილის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ, თუმცა შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერად წარიმართა. ყოფილმა ფეხბურთელებმა ბეგლარ სიორიძესთან კლუბ "მერცხალიში" მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს და მერს გუნდის განვითარებასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა გააცნეს.
ბადრი ლომინაძე, ვეტერანი ფეხბურთელი:
"ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა, ქალაქის მერმა გულდასმით მოგვისმინა. ვისაუბრეთ კლუბ " მერცხალის" დღევანდელ მდგომარეობაზე, კმაყოფილები ვართ, რადგანაც კვლავ გვეძლევა საშუალება, ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით წვლილი შევიტანოთ საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" განვითარების საქმეში."
ბეგლარ სიორიძე, ქალაქის მერი:
"მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ამ ადამიანებს არ ჰქონდათ სწორი ინფორმაცია, თუ რა ხდება საფეხბურთო კლუბ "მერცხალიში," თუმცა გაიგეს ყველაფერი და ჩვენ ბევრ საჭირბოროტო საკითხზე შევთანხმდით. ვფიქრობ, რომ ვეტერან ფეხბურთელთა გამოცდილება წაადგება ჩვენს საფეხბურთო კლუბს და დღეიდან ერთად ვიზრუნებთ გუნდის წარმატებასა და მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე".
(R)