დღეს რადიო "თავისუფლების" ვებგვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. უახლოესი პერიოდის მთავარ მიღწევად პრემიერი ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას თვლის.
"რა თქმა უნდა, არსებობს უსაფრთხოების კუთხით გამოწვევები, პოლიტიკური გამოწვევები ქვეყნის შიგნით. გარე გამოწვევებიდან რომ დავიწყო, ეს არის მთლიანად რეგიონში არსებული კონფლიქტები, უსაფრთხოების კუთხით გაუარესებული მდგომარეობა. ამ სიტუაციაში ჩვენ გვწევს მაქსიმალური ძალისხმევა, რათა ერთი მხრივ, გავაკეთოთ ჩვენი მეგობრების მხარადჭერის მაქსიმალური კონსოლიდაცია და მეორე მხრივ, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დამატებითი რისკები თავიდან იყოს აცილებული და საქართველომ მინიმალური ზიანით გაიაროს ეს პერიოდი, როცა გაზრდილია რისკები ქვეყნის გარეთ. გამოწვევები არის იმ კუთხითაც, რომ ევროპას არ უდგას ყველაზე კარგი პერიოდი, მათ შორის მიგრანტების კრიზისდან გამომდინარე.
ჩვენ შარშანდელი წელი დავასრულეთ ძალიან დიდი წარმატებით, როცა ევროკომისიამ დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით დასრულებაზე და ამ პერიოდში ჩვენ გვიწევს მხარდამჭერების კიდევ ერთხელ მაქსიმალური მობილიზება, რათა გავანეიტრალოთ ის წუხილები, რომლებიც ევროპულ ქვეყნებს გააჩნიათ მიგრანტების კრიზისიდან გამომდინარე. თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ასოცირება მიგრანტების კრიზისსა და საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის საბოლოოდ დასრულებას შორის და დადებითი დასკვნა მივიღოთ როგორც ევროკავშირის საბჭოში, ასევე ევროპარლამენტში, რათა ეს პროცესი დასრულდეს და საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, რომ თავისუფლად იმოგზაურონ ევროპაში.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური კუთხით, მხედველობაში მაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე პოლიტიკური კუთხით, ვინაიდან ამყარებს საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის იმიჯს და კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი მოქალაქეების მოტივირებას, რომ ევროპული გზა და ევროპული ინტეგრაცია არის სწორი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება,"-აღნიშნა პრემიერმა.