პრემიერი თავისი გუნდის მთავარ შეცდომად მიიჩნევს საზოგადოებაში მკვეთრი კონფრონტაციული ფონის არსებობას და მიიჩნევს, რომ მთავრობის მთავარი საზრუნავი ამ ფონის განეიტრალება და საზოგადოების კონსოლიდირებაა.
"დღევანდელი მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა საკმაოდ დაძაბული არჩევნების შედეგად. ამ კონფრონტაციულ ფონს ინერციით, ბუნებრივად გაჰყვა კონფრონტაციული ფონი გარკვეული დროის განმავლობაში. შესაძლოა, ეს პერიოდი ჩვენ ზედმეტად გავახანგრძლივეთ, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ეს შეიძლება იყოს შეცდომაც, მაგრამ მეორე მხრივ, ბუნებრივი შედეგიც იმისა, თუ საიდან მოვედით ჩვენ. ვფიქრობ, დღეს რაც არის გასაკეთებელი, ესაა საზოგადოების მაქსიმალურად დეპოლარიზაცია და გაერთიანება, კონსოლიდაცია ერთიანი პოზიტიური მიზნების ირგვლივ. ეს არის ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რომ შევძლო საერთო მიზნების გარშემო მაქსიმალურად მომხრობა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ჯერ კიდევ პოლიტიკური არჩევანი გაკეთებული არ აქვთ, ან ჰქონდათ და გარკვეული იმედგაცრუება ნახეს ამა, თუ იმ მიზნის სწრაფად მიუღწევლობის გამო.
მე არავის დადანაშაულება არ მინდა და სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას წინა პრემიერ-მინისტრებთან ერთად ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანაში ხდებოდა და ერთი წამით არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ განზე ვდგებოდე. არავითარ შემთხვევაში! ჩვენ ერთად გავიარეთ ძალიან მძიმე პერიოდი, მათ შორის დაზარალებულ მოქალაქეებთან ურთიერთობა და მათი საკითხების გადაწყვეტა. ზოგი გადავწყვიტეთ, ზოგი ვერ გადაწყდა. ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი, როცა რთული იყო კონცენტრირება უფრო დიდი სტრატეგიული მიზნების გარშემო, რადგან მიმდინარე საქმეებს და ამოცანებს ძალიან დიდი დრო და ენერგია მიჰქონდა.
ეხლა მთავარია, ყველამ მაქსიმალურად შევძლოთ კონცენტრირება პოზიტივის ირგვლივ, კიდევ უფრო გავამყაროთ ის ხედვა, რომლის გარშემოც მაქსიმალურ ძალისხმევას ვიკრებთ და წარმატებით გავატაროთ რეფორმები, რომლებიც დაანონსდა. ეს იქნება ძალიან სერიოზული, ნახტომისებური განვითარების საწინდარი. მე ამის მჯერა. რომ არ მჯეროდეს, რომ ამის გაკეთება ძალგვიძს, ნამდვილად არ დავთანხმდებოდი ამ თანამდებობას და ამ გამოწვევებს არ ავიღებდი საკუთარ თავზე. ჩვენ გაგვაჩნია გამოცდილება, ცოდნა და ენერგია და იმის უნარიც გვაქვს, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ."- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში.