საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა, რომ მისი ინტუიციით, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებს მოიგებს.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა რას ფიქრობს ხალხი ექსპრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით და აქვს თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებში გამარჯვების შანსი?
მოქალაქე ლერი მიროტაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობას" არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.
"ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია, ამიტომ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს,"_თქვა მიროტაძემ.
ნინო ოსოშვილი კი "ნაციონალური მოძრაობის"არჩევნებში გამარჯვებას არ გამორიცხავს.
"ხალხი ისეა გაბრაზებული "ქართული ოცნების" შეუსრულებელი დაპირებების გამო, რომ არ გამოვრიცხავ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვოს,"_ამბობს ოსოშვილი.
როგორც ნიკა მგელაძე ამბობს, პოლიტიკური პარტიის იმიჯი ხალხის თვალში ძალიან შელახულია, რის გამოც ვერ გაიმარჯვებს.
"ნაციონალების პარტია არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, იმიტომ რომ მათი იმიჯი ხალხის თვალში ძალიან შელახულია,"_ამბობს მგელაძე.
მაგდა ქავთარაძეს თქმით, თუ არჩევნები არ გაყალბდება "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს.
"არჩევნებს თუ არ გააყალბებენ "ნაციონალურმა მოძრაობა" გაიმარჯვებს, რადგან ეს მთავრობა არაფრის მაქნისია. არავინ ფიქრობს, რომ ხალხი დილაობით სხვადასხვა კულინარიული გადაცემების ყურებისას ნერწყვებს ყლაპავს, ხელისუფლება კი ქვეყანაში ვითარების გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს. ხმას არავინ მისცემს იმ მთავრობას, რომელიც სამ მილიონ მოსახლეს ვერ უვლის, შესაძლოა, ამდენი არც ვართ,"_თქვა ქავთარაძემ.
როგორც მოქალაქე დიანა ლორთქიფანიძე აღნიშნავს, "ნაციონალებს" არჩევნებში მონაწილეობისაც კი უნდა რცხვენოდეთ.
"იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა, თუნდაც პატიმრების წამების კადრებს ვგულისხმობ, "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებში გამარჯვების კი არა, მონაწილეობის მიღების სურვილიც კი არ უნდა ჰქონდეს,"_აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
ნუგზარ ჭინჭარაულის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობა" გაიმარჯვებს, თუ მოსახლეობას 90-იან წლებში დაბრუნება არ უნდა.
"ნაციონალურ მოძრაობამ" არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს, თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა განვითარების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, თორემ 90-იანი წლების განმეორება არ აგვცდება. დოლარის კურსი მაღალია, ხალხი კომუნალურ გადასახადებს ვეღარ იხდის, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რისი მოგვარებაც მარტო მათსავით განათლებულ და გამოცდილ ახალგაზრდებს შეუძლიათ. არ მინდა იფიქრონ, რომ ვინმეს შეურაცხყოფას ვაყენებ, მაგრამ ფაქტია ქვეყნის კეთილდღეობისთვის ვინ შრომობდა,"_თქვა ჭინჭარაულმა.