"იპოვეთ ნარმანიას ორმო!"-ეს იქნება ერთგვარი კონკურსი, რომლის შედეგებზეც იქნება დამოკიდებული მერიის შესაბამისის სამსახურებისა და გზების მშენებელი კომპანიების შემდგომი ბედი. დავით ნარმანია ახალი ინიციატივით გამოდის და პირობას დებს, რომ ივნისიდან თბილისის არცერთ ქუჩაზე ორმოები აღარ იარსებებს.
დედაქალაქის მერია თბილისში გზების მოწესრიგების სამუშაოებს იწყებს. დავით ნარმანიამ ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურს კატეგორიულად მოთხოვა, დასრულდეს გზებთან დაკავშირებული პრობლემები.
ნარმანიას მოთხოვნით, ივლისში დედაქალაქს ყველა ქუჩა მოწესრიგებული უნდა იყოს. მერმა ყურადღება გაამახვილა კოსტავას ქუჩაზე , ტელევიზიის წინ ასფალტის საფარის გამოცვლის აუცილებლობასა და დედაქალაქის შიდა ქუჩებში დაზიანებული გზის საფარის მოწესრიგებაზე.
ნარმანიამ კატეგორიულად მოითხოვა კონტრაქტორი კოპანიების სანდოობის, მათი გამოცდილების გათვალისწინება. ამ კომპანიებს უმკაცრესი სანქციები დაედებათ უხარისხო ან ვადაში შეუსრულებელი სამუშაოების გამო.
როგორც დახურულ შეხვედრაზე ნარმანიამ კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურებს განუცხადა, ივნისის ბოლოს ის საჯაროდ მიმართავს ჟურნალისტებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას ჩატარებული სამუშაოების საზოგადოებრივი მონიტორინგისთვის.
"ივნისის ბოლოს, როდესაც სამუშაოები გრაფიკის მიხედვით დასრულდება, მე თხოვნით მივმართავ ჟურნალისტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს – "იპოვეთ ნარმანიას ორმო". ამ ერთგვარი კონკურსის შედეგებზე იქნება დამოკიდებული არა მხოლოდ კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურების, არამედ კონტრაქტორი კომპანიების ბედი", – განაცხადა თბილისის მერმა.
წყარო: ghn.ge