ოზურგეთში, კიტა მეგრელაძის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიან კორპუსში მცხოვრები არსენ შარმაიძე მარტოხელაა. მეორე ჯგუფის ინვალიდი მესამე სართულზე, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს და კიბეზე ასვლას საათობით უნდება, რადგან ფეხები, სისხლძარღვების შევიწროების გამო, დიდი ხანია, არ ემორჩილება. შემაძრწუნებელია მისი მარჯვენა ფეხის კუნთოვანი ნაწილის ხილვა, რომელიც ჩირქოვანი ანთებით ისე აქვს დაზიანებული, ძვლოვანი ქსოვილიც ჩანს და ამის დაფიქსირებაც ჩვენს ფოტოკორესპონდენტს გაუჭირდა.
_ მართალია, სოციალური დახმარება მომიხსნეს და მერე არ მაღირსეს, მაგრამ ოზურგეთის გამგებელმა ვაშაყმაძემ, ჩემს უბედურებას რომ შეხედა, ის კი გამიკეთა ადამიანურად, რომ ხუთასი ლარი ჩამომირიცხა, რითაც თბილისში წავედი ექიმთან. იქ მითხრეს, რომ ჩემი მარჯვენა ფეხი უკვე “ნულია” ანუ ამპუტაციას ექვემდებარება, აღარც დახმარება მაქვს და აღარც ფეხი, _ საუბარი უჭირს შარმაიძეს და სიტყვა ყელში უწყდება.
ჩვენი რესპონდენტი მარტოხელაა, ათეული წლების წინ დუშეთიდან აქ ჩამოსულა სამუშაოდ და საცხოვრებლად. საპენსიო ასაკი არ აქვს და ახლახან ინვალიდობის პენსია დაუნიშნეს, თუმცა, სოციალური დახმარება მოუხსნეს.
_ ადრე ოთხი თვით მქონდა დახმარება, მერე მოვიდნენ, შეამოწმეს ჩემი ერთ ოთახიანი ბინა და წავიდნენ. მეგონა, დახმარებას დამინიშნავდნენ, მაგრამ 78 ათასი ქულა დამიწერეს. პოლისიც არ მაქვს, თორემ დახმარებას ვინ დაეძებს? _ ამბობს შარმაიძე. მის საცხოვრებელ ბინაში ერთი ტელევიზორი, საწოლი, მაგიდა და სკამები დგას. არ აქვს მაცივარი და გაზქურა. გაკვირვებულია, საიდან და რატომ მიანიჭეს ასე მაღალი ქულა.
ახლა არსენ შარმაიძეს მარჯვენა ფეხის მდგომარეობა იმდენად გართულებული აქვს, რომ კიდური ყოველ წუთს საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს.
უახლოესი მეზობლები არსენ შარმაიძის ყოფით შეწუხებული არიან: _ ფეხის ამპუტაციის შემთხვევაში, შესაძლებელია, სიცოცხლე გაუხანგრძლივდეს, _ ამბობენ ისინი.
“გურია ნიუსი” სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის საკოორდინაციო ცენტრის უფროსს ვასილ ხომერიკს დაუკავშირდა. მან ჩაიწერა ყოფილი ბენეფიციარის ვინაობა და გვითხრა, სამი საათის შემდეგ დაგვიკავშირდითო. ასეც მოვიქეცით.
_ არსენ შარმაიძის ოჯახის შესწავლა მოხდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მას ინვალიდობის სტატუსიც ახლახან მიენიჭა. აქედან გამომდინარე, ჯერ ვერ გეტყვით, მიენიჭება თუ არა მას სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი, _ გვითხრა ვასილ ხომერიკმა.