მაღაროელებს მიმდინარე წელს არსებული საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ _ შესაბამისი კანონპროექტი მომზადებულია და პარლამენტში განსახილველად უახლოეს მომავალში შევა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტყიბულში მაღაროელების გაფიცვის საკითხით დაინტერესდა. მან ინფორმაციის მიწოდება ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს სთხოვა.
„ჩვენ მოვამზადეთ გარკვეული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე წლის 1-ელ იანვრამდე ჰქონდათ საგადასახადო შეღავათები, უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხება მაღაროელებს, შეღავათები შეუნარჩუნდებათ. ამ შეღავათების მოქმედება გაგრძელდება.
ჩვენ ამის თაობაზე გვაქვს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან და აღნიშნული კანონპროექტი უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული", – განაცხადა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განმარტებით, ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არის შრომითი დავა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ სამინისტროს მხრიდან მოლაპარაკებების და მედიაციის გზით, შესაძლებელი გახდება საკითხის დარეგულირება.
"ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცალსახად არის შრომითი დავა. ეს არ არის კავშირში რაიმე სხვა პროცესებთან. ჯანდაცვის სამინისტრო პირველი დღეებიდან არის ჩართული ამ შრომით დავაში. ეს კანონით მონიჭებული მოვალეობაა.
ჩვენი მიმდინარე ანალიზით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება მარტივად არ მიმდინარეობს, ის მაინც რჩება შრომითი დავის ფარგლებში. მე ვფიქრობ, უახლოესი დღეები გვაჩვენებს პროგრესს, როდესაც მოლაპარაკების და ჩვენის მხრიდან მედიაციის გზით შესაძლებელი იქნება ყველა საკვანძო საკითხის დარეგულირება", – განაცხადა დავით სერგეენკომ.