საქართველოს ბაზარს სწრაფი სესხის გამცემი ორგანიზაციები არ აკლია და მათი რიცხვი კიდევ უფრო მატულობს; იზრდება ონლაინსესხებით უკმაყოფილოთა რიცხვი, რომელთა შორის საკმაოდ ბევრია მშობელი. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, მათი 19-22 ასაკის შვილები ძალიან ადვილად სარგებლობენ ასეთი სესხებით და მერე, რეალობას მომწყდარი საპროცენტო განაკვეთის წყალობით (ძირი, სარგებელი, პირგასამტეხლო), 200 ლარიანი სესხი 7 თვეში ოთხი ათასად იქცევა.
ჩვენ მოგვმართეს მშობლებმა, რომლებიც კონფიდენციალობას ითხოვენ, რადგან ჯერ კიდევ შიშობენ, საქმე არ გაურთულონ საკუთარ შვილებსა და ოჯახებს. მათ წარმოადგინეს ონლაინსესხების ორგანიზაციების მოწერილობები, სადაც ღიად ჩანს, როგორ იქცა, მაგალითად, მარტში ნასესხები 200 ლარი, წლის ბლომდე, 9 თვეში, 3 ათას შვიდას ლარად.
მშობელი ზოია ლ.: "ჩემმა შვილმა აიღო ონლაინსესხი ისე, რომ მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ის 20 წლისაა. ერთ დღეს მომადგნენ შინ და მითხრეს, თქვენმა შვილმა სესხი აიღო, არ გადაიხადა და სასწრაფოდ უნდა დაფაროთ როგორც ძირი, ისე ჯარიმა და პირგასამტეხლო, თორემ სახლიდან ყველაფერს წავიღებთ, რაც მოგვეწონებაო. მივეცი 50 ლარი, მეტი ფული არ მქონდა. მერე ისევ მოვიდნენ. რაღაც გერბიანი ქაღალდები მოაქვთ და მიჩვენებენ, სჯობს, დროულად დაფაროთ სესხიო. მანქანას დავაკვირდი, ვიცი, რომ ორგანიზაციების წარმომადგენლები სპეციალური წარწერით დადიან. ეჭვი შემეპარა და ვკითხე, ვინ ხართ,-მეთქი. ჩვენ თბილისიდან დაგვირეკეს და ამიტომ მოვედითო. მაინტერესებს, რატომ აძლევენ ასე ადვილად სესხს ახალგაზრდებს? მე ერთხელ მქონდა სესხი "საქართველოს ბანკში" და ორი თავდები მიმაყვანინეს, სამი დღე ვიარე და მერე დამიმტკიცეს. ესენი ვინ არიან, რომ 700%-იან სესხს ყოველგვარი საბუთის გარეშე ინტერნეტით გასცემენ?" _ გვეუბნება შეწუხებული ქალბატონი.
მშობელი ეკა მ.: "ჩემი შვილი სამხედრო მოსამსახურეა. მე მძიმე ოპერაცია გავიკეთე _ ახლაც ყავარჯნებით დავდივარ. თავისი ხელფასით დამეხმარა. რომ არ გვეყო თანხა, ისესხა 500 ლარი, როგორც მერე გავიგე, ბათუმის ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან. ცხრა თვე იხდიდა, მერე უცხოეთში წავიდა. ახლა მოვიდნენ და ეს 500 ლარი სამიათას ხუთასადაა ქცეული, რის უკლებლივ გადახდას მთხოვენ. სახლში ვიანგარიშეთ და 700%-იანი სესხი გამოდის. მაინც ვერაფერს ვამბობ, ბავშვს პრობლემა არ მინდა შევუქმნა. ნეტა, მქონდეს ფული _ ძირიან, ჯარიმიანად მივცემდი. ვინ მოიფიქრა ასეთი მახრჩობელა სესხები ამ გასაცოდავებულ ქვეყანაში?!"
მშობელი ნანა კ.: "ჩემმა შვილმა 200 ლარი გასული წლის თებერვალში ისესხა, ახლა კი, თურმე 4 ათას ლარზე მეტი აქვს გადასახდელი. "კრედიტორი" ითხოვს, რომ ჯარიმებიანად ყველაფერი გადაიხადოს, მაგრამ ამ ღირებულების მეტი არცაა ჩემი ოჯახი. რატომ მისცეს? რა საბუთით? მისი გაკეთებული ჯერ არაფერია ჩემს სახლში, არც _ შეძენილი. მე მკითხეს, რომ ასესხეს?! ასეთი ჰაიჰარად ვინ იძლევა ფულებს? მესმის, ვალი უნდა გადაიხადო, მაგრამ პატრონი არ ჰყავს ამ ქვეყანას, ამ ბანკებს, თუ რაც ჰქვია მაგ ორგანიზაციებს, რომ 700%-იანი სესხები არ არსებობდეს ამ ღატაკ ქვეყანაში? ღატაკი რომ არის, იმიტომ მიდის რისკზე, თორემ ჭკუის მქონე და შეძლებული კაცი 700%-იან სესხს აიღებს?" _ გვეუბნება შეშფოთებული მშობელი.
მშობლებთან საუბრის პარალელურად, "გურია ნიუსი" შეხვდა იურისტ კახა ჩავლეშვილს და პრობლემის ირგვლივ ესაუბრა:
_ზოგადად, მთელი საქართველო ერთ დიდ დაყადაღებულ, დაიპოთეკებულ სხეულს წარმოადგენს, სადაც მომხმარებლის ინტერესი მთლიანად იგნორირებულია. ერთი რამ, რაც ბოლო პერიოდში ცოტა სასიკეთოდ შეიცვალა, სასამართლოს გულისხმიერი მიდგომაა ამ პრობლემისადმი. სასამართლო პრაქტიკის კეთილსინდისიერ მიდგომად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ მსესხებელს ეკითხებიან, რის გადახდა შეძლო კლიენტმა, რამდენი დარჩა გადასახდელი, რამდენის გადახდა შეუძლია და რამდენის _არა. თუმცა, ეს პრობლემა ძალიან სიღრმისეულია და მსგავსი ორგანიზაციების საქმიანობა მთლიანად არასწორია _ სესხები რაღაც ბუნდოვანი ფორმით გაიცემა. ონლაინგამსესხებლები ცდილობენ, მაქსიმალურად ამოქაჩონ მოგება. რაც შეეხება ერთ-ერთი თქვენი რესპოდენტი მშობლის ნაამბობს, მაგონებს პრაქტიკაში გადამხდარ ამბავს _ მსესხებლები ზოგჯერ ყიდიან ვალებს!
_ რას ნიშნავს, "ყიდიან ვალებს"?
_მოელაპარაკებიან ვიღაცეებს, ზოგჯერ ყოფილ პოლიციელებსაც იყენებდნენ, ვინც ადამიანის დაშინებას ადვილად შეძლებს. შეუთანხმდებიან, ამოღებული თანხიდან გარკვეული რაოდენობის მიცემაზე. მერე მიდის ვიღაც ფოტოაპარატით ხელში ოჯახში, აშინებს, აიძულებს, გადაიხადოს, თორემ გადაუღებს სურათს, მოიყვანს პოლიციას და ა. შ. ზოგი ადვილად შეშინდება ხოლმე ასეთი მიდგომისას. ადამიანმა აღებული ვალი კი უნდა გადაიხადოს, მაგრამ რაც ჩვენთან ხდება, სრული მარაზმია. ეროვნული ბანკის ნება უნდა არსებობდეს და ადამიანთა უფლებებს უნდა იცავდნენ. ეს არ არის მარტივი საქმე. არსებული საკანონმდებლო ბაზა ეფექტური ვერ იქნება, რადგან ადამიანების უზარმაზარი პრობლემები ამ არსებულით ვერ რეგულირდება. შედით ეროვნული ბანკის ვებგვერდზე და მიმართეთ ცხელ ხაზს, გიპასუხებენ? ელექტრონული წერილი რამდენჯერ მიმიწერია, მაგრამ პასუხს არავინ იძლევა. საქართველოს მოქალაქის პასპორტში წერია, მას იცავენ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში… აქ დაიცავი, აქ მიხედე _ ოზურგეთში, სამტრედიაში, ონჭიქედში… არ აქვს მნიშვნელობა! ჩემი თვალსაზრისი ასეთია: ძირითადად, ადამიანი სამომხმარებლო საგნად აქციეს _ მოქალაქეს სწრაფად აძლევენ სესხს ნივთისთვის, თუ ბიზნესის დაწყება უნდა, ამ შემთხვევაში ჭირს ფულის გაცემა. თავი და თავი ამ პრობლემისა ის არის, რომ მომხმარებლის ინტერესი მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული! ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელი უნდა დაიცვას ჯერ და არა ონლაიგამსესხებელი, რათა მოქალაქე ააცილოს გაუთავებელ სასამართლო დავებს. მსოფლიო პრაქტიკა ასეთ მიდგომებს არ იცნობს, რაც ჩვენში ხდება, ამიტომ, სპეციალური კანონის მიღებაც აუცილებელია, რაც, ვიმეორებ, ჯერ მოქალაქეს დაიცავს, _ გვითხრა ჩავლეშვილმა.




































































