ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის მიერ გასული წლის ბოლოს, საკრებულოს სხდომაზე გაჟღერებული იდეა ითვალისწინებს ჩოხატაურში პროფესიული განათლების კერის აღდგენას; ამასთან, ისტორიული დენდროპარკის, ერისთავების ისტორიული სასახლის და ადგილ-მამულის გადარჩენა-დაცვას, რომელიც გორაბერეჟოულის ყოფილი ტექნიკუმის ტერიტორიის ნაწილია.
როგორც ზაალ მამალაძე ამბობს, "დიდი ხანია, მიმდინარეობს მუშაობა გორაბერეჟოულის ტექნიკუმის აღდგენაზე, თუმცა, განათლების სამინისტროს მიერ დადებული დასკვნის თანახმად, არსებული შენობა გამოუსადეგარია და დემონტაჟს ექვემდებარება. სამაგიეროდ, მდგრადი და ვარგისია იქვე, ოთხიოდ კილომეტრში მდებარე სოფელ ქვემო ერკეთის ყოფილი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა.
მიმაჩნია, რომ რეგიონის და ორივე სოფლის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია სასწავლო კორპუსად გამოყენებული იქნას ქვემო ერკეთში მდგარი შენობა, ხოლო საცდელი ნაკვეთები, სასწავლო ბაზა განთავსდეს გორაბერეჟოულში," _ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.
მისივე თქმით, ამ ორი ბაზის შერწყმა-გაერთიანება მომგებიანი იქნება და რაც ყველაზე მთავარია, ეს გამოიწვევს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მიგრაციის შემცირებას:
_ ერკეთში 2000 წლამდე, ფუნქციონირებდა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, რომელიც ასევე ყოველწლიურად 130-150-მდე სხვადასხვა პროფილის სპეციალისტს ამზადებდა. აქაც, ისევე როგორც გორაბერეჟოულის ტექნიკუმში დასაქმებული იყო 50-მდე პედაგოგი.
10651 კვ.მ მიწის ფართობზე დგას ოთხსართულიანი სასწავლო კორპუსი (საერთო ფართით _ 1194 კვ.მ) და 3 ორსართულიანი შენობა-ნაგებობა (საერთო ფართით 2000 კვ.მ). ეს შენობები, განათლების სამინისტროს სპეციალისტების შეფასებით, დღესაც ექვემდებარება კაპიტალურ რემონტს, რომელიც გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე ახალი კორპუსის მშენებლობა გორაბერეჟოულში. მანძილი ამ ორ სოფელს შორის 4 კილომეტრია. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, პრობლემას არ წარმოადგენს და გაცილებით მომგებიანი იქნება, თუ მოხდება ამ ორი ბაზის შერწყმა-გაერთიანება. შესაბამისად, შეიქმნება ერთი მძლავრი, მრავალპროფილიანი განათლების ცენტრი_ სასწავლო კორპუსებით/კამპუსებით სოფელ ერკეთში და უნიკალური 24 ჰა-ზე გაშენებული საცდელი ნაკვეთებით _ სოფელ გორაში. ეს გამოიწვევს ორი სოფლის და მთელი მუნიციპალიტეტის გამოცოცხლებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მიგრაციის შემცირებას. ასევე, გორაბერეჟოულის უნიკალური კომპლექსის ჩართვას ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ცენტრის შექმნაში, რომელიც ამ პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, საგანმანათლებლო, პროფესიული გადამზადების, პრეზენტაციებისა და ახალი იდეების გენერაციის ცენტრად გადაიქცევა.
რაც შეეხება სოციალურ მხარეს _ ჩოხატაურში 1500-მდე ოჯახი სარგებლობს სიღარიბის ზღვარს ქვევით პროგრამით. ამ ოჯახებს არ აქვთ ფინანსური საშუალება, მათმა შვილებმა ჩოხატაურის გარეთ სრულფასოვანი განათლება მიიღონ.
ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოფიციალური მონაცემებით, რომელიც განათლების რესურს-ცენტრის მიერაა მოწოდებული, ბოლო 3 წლის განმავლობაში 677-მა მოსწავლემ დაამთავრა ჩოხატაურის ზოგად-საგანმანათლებლო სკოლები. აქედან, 77-მა მოსწავლემ ვერ შეძლო საატესტატო გამოცდის ჩაბარება; აბიტურიენტებიდან კი, 331-მა ახალგაზრდამ ვერ ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ასევე, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში 54-მა ახალგაზრდამ შეავსო სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული პროფესიული ცენტრების აპლიკაციები, მაგრამ აქედან 20-მა საბოლოოდ, უარი თქვა მიეღო პროფესიული განათლება სწორედ სხვაგან ცხოვრებისთვის საჭირო სახსრების უქონლობის გამო.
ამდენად, 410-ზე მეტმა ახალგაზრდამ დაკარგა შანსი მიეღო განათლება, შეეძინა სპეციალობა. მათი უმრავლესობა, როგორც იაფი, არაკვალიფიციური მუშახელი გაედინება მეზობელ ქვეყნებში, სადაც საკმაოდ დაბალი ანაზღაურების ფასად შრომობს, რათა არჩინოს ოჯახი. და ეს მაშინ, როცა ადგილებზე კონკრეტული სპეციალისტების მწვავე დეფიციტია.
დღეს, როცა საქართველოში უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, ხდება სასწავლო ობიექტების რეაბილიტაცია, დიდი ყურადღება ექცევა პროფესიულ განათლებას, პროფესიულ გადამზადებას, სოფლის მეურნეობის დარგების სწრაფი განვითარებისთვის საფუძვლის შექმნას, რაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის. მაგალითისთვის _ სოფლის მეურნეობაში ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა, კოოპერატივების პროგრამა, "აწარმოე საქართველოში", "დანერგე მომავალი" და მსგავსი პროექტები.
ენერგეტიკის სფეროს თუ ავიღებთ, მხოლოდ გურიაში 10 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი, რომლის პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 250 მილიონი ევრო უნდა დაიხარჯოს.
ყველა პროექტის გახორციელებას და მერე ამუშავებას სჭირდება კვალიფიციური მუშახელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი და გადაუდებელია სხვადასხვაპროფილიანი საშუალო სპეციალური განათლების მქონე კადრების მომზადება სწორედ პროფესიული განათლების ცენტრებში. ამ პროცესში მნიშვნელოვანი რესურსია გურიის რეგიონში არსებული მაღალკვალიფიციური კადრები, კვლევითი ინსტიტუტი, რაც რეგიონულ ჰარმონიულ განვითარებასაც შეუწყობს ხელს, _ აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას მამალაძე.
ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ეს ინიციატივები უკვე გააცნო შესაბამის უწყებებს: _ ჩვენ უკვე გავუგზავნეთ წერილები პრემიერ-მინისტრს, განათლების მინისტრს, სოფლის მეურნეობის მინისტრის, ენერგეტიკის მინისტს. საქმის კურსშია ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი და გურიის გუბერნატორი. ვფიქრობ, წამოწყებული საქმე, რომელსაც საკრებულოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს, წარმატებით დასრულდება, _ ამბობს ზაალ მამალაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას.