ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს კონტროლის პალატაში პოლიტიკური მოძრაობა “ერთიანობა საქართველოსთვის” წევრების დაკითხვა. პარტიის 6-მა წევრმა უწყება კონტროლის პალატიდან გუშინ მიიღო. დაბარებულთა შორის იყვნენ პარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ოძელი და რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია.
უწყების თანახმად, ისინი კონტროლის პალატაში, დღეს 14:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყვნენ. დაკითხვა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მინდია გულუა თავისი აქტივისტების დაბარებას კობა დავითაშვილის მიერ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირებს, სადაც ამ უკანასკნელმა “ერთიანობა საქართველოსთვის” ხელისუფლების სატელიტ პარტიად მიიჩნია და ამის ერთ-ერთ დამადასტურებელ მტკიცებულებად ის მიიჩნია, რომ კონტროლის პალატა ამ პარტიის წარმომადგენლებს არ ეხება. ინტერვიუდან დაახლოებით 2 კვირაში, პარტიის წევრი კონტროლის პალატამ დაკითხვაზე დაიბარა. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, მათ უწყებები არ მისვლიათ და კონტროლის პალატის წარმომადგენლები ტელეფონით დაუკავშირდნენ.
“გურია ნიუსი” გიორგი ოძელს და ლაშა გვასალიას ესაუბრა. ორივე მათგანი დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე გამოცხადდა. გიორგი ოძელს პარტიის ანგარიშზე 7 400 ლარი ჰქონდა გადარიცხული, ლაშა გვასალიას კი _ 8 000 ლარი.
გიორგი ოძელი: _ დაკითხვა დაახლოებით 3 საათნახევარი გაგრძელდა. ტელეფონით დამიკავშირდნენ და ისე დამიბარეს.
_ რა აინტერესებდათ და რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც დაგიბარეს?
_ პარტიის სახელზე შემოწირულობა მაქვს გაკეთებული 7 400 ლარის ოდენობით და ამ თანხის წარმომავლობაზე მეკითხებოდნენ. აინტერესებდათ, რატომ შევწირე თანხა პარტიას.
თუმცა, ამავდროულად ჩემი სხვა შემოსავლებითაც დაინტერესდნენ _ საიდან მქონდა ეს თანხა, რა დანაზოგები იყო. ასევე დაინტერესდნენ, გაზის და შუქის გადასახადს რამდენს ვიხდი, რა თანხით ვყიდულობ საჭმელს და ასეთი რაღაცეები.
_ გაზის და დენის თანხას იმ ოდენობისას იხდით, კონტროლის პალატის ინტერესის სფეროს წარმოადგენს?
_ არა, ნამდვილად არა, მაგრამ ასეთი ნიუანსებით იყვნენ დაინტერესებულები.
_ მხოლოდ პარტიისთვის გადარიცხულ და კომუნალურ გადარიცხვებზე გესაუბრებოდნენ?
_ არა, დაწვრილებით გამომკითხეს ყველაფერი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით.
_ კონტროლის პალატიდან გამოსულები საუბრობდნენ გარკვეული სახის ზეწოლებზე. თქვენთან დაკავშირებით თუ ჰქონდა მსგავს ქმედებას ადგილი?
_ არ იყო პირდაპირი ზეწოლა, მაგრამ გარკვეული სახის მინიშნებებს ქვეტექსტებით ნამდვილად ჰქონდა ადგილი. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ამ ამბავს ერთი წამითაც არ შევუშფოთებივარ. ის კი არა, კონტროლის პალატის თანამშრომლებსა და დაცვას ბუკლეტებიც კი დავურიგე.
_ რა ბუკლეტები, რაიმე საინფორმაციო ხასიათის ხომ არა, მაგალითად როგორ არ უნდა მოახდინონ ზეწოლა მათთან დაბარებულ მოქალაქეებზე?
_ არა, მასეთი არა. ჩვენ დიდი აქციას ვაწყობთ 12 მაისს თბილისში შერიგების დღესთან დაკავშირებით და ამ დღის საინფორმაციო ბუკლეტები დავურიგე. სხვათაშორის, დიდი ყურადღებით ეცნობოდნენ.
_ თქვენც კობა დავითაშვილის განცხადებას უკავშირებთ თქვენს დაბარებას კონტროლის პალატაში?
_ ყოველ შემთხვევაში, მისი ინტერვიუდან დაახლოებით ორი კვირის თავზე დაგვიბარეს კონტროლის პალატაში და ასე თუ უსმენდნენ და უჯერებდნენ მას, ნამდვილად არ მეგონა.
ლაშა გვასალია: _ უწყება არ მომსვლია. გუშინ დამირეკა კონტროლის პალატის წარმომადგენელმა და დღევანდელ დღეზე მითხრა, რომ უნდა მივსულიყავი. მარტო ვიყავი მისული. არანაირი ადვოკატი არ მჭირდებოდა _ განვსაზღვრე ის აუცილებლობები, რაც სამართლებრივად იყო დაკავშირებული ამ პროცედურასთან. ჩვეულებრივად ჩამომართვეს ახსნა-განმარტება. მკითხეს, რა შემოსავლები მქონდა სამი თვის განმავლობაში, საიდან დამიგროვდა ის თანხა, რომელიც შემოწირულობის სახით შევწირე ჩემს პარტიას _ საუბარი იყო ჩემს მიერ გადარიცხულ 8 000 ლარზე. მკითხეს მის კანონიერ წარმოშობაზე. საუბარი ნორმალურად წარიმართა. არაფერი ისეთი არ ყოფილა. მეც ვუპასუხე.
დაწვრილებით მეკითხებოდნენ ყველაფერს. აინტერესებდათ ოჯახის წევრების შემოსავალი, მეუღლის, მშობლების, ვინ როგორ მეხმარებოდა, რამდენს ვხარჯავ. რა თქმა უნდა, შინაგანად არასასიამოვნო იყო ეს ყველაფერი, მაგრამ რას ვიზამთ.