დღეიდან სოფელ აკეთის ბაღის აღრსაზრდელებს სრულიად განახლებულ შენობაში შეუძლიათ სკოლამდელი განათლების მიღება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საბავშვო ბაგა-ბაღი გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ოფიციალურად გახსნეს.
საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს "ხურომ" განახორციელა და შენობის სრული რეაბილიტაციისთვის 149 206 ლარი დაიხარჯა. ბაგა-ბაღი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.
გუბერნატორმა პედაგოგებს, პატარებსა და მათ მშობლებს ახალი საბავშვო ბაღის გახსნა მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
"გასულ წელს დაწყებული საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და სოფელ აკეთს ახალი ბაღი შეემატა. დღეიდან პატარები ლამაზ გარემოში შეუდგებიან სწავლას, შეიძენენ საჭირო უნარ-ჩვევებსა და გაივლიან სასკოლო მომზადებას. რეგიონში ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვულოცავ ამ ლამაზ დღეს პატარებს და ვუსურვებ წარმატებულ სასწავლო წელს,"– აღნიშნა გია სალუქვაძემ.
აკეთის საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიალს გუბერნატორის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
( R)