ახლახან "გურია ნიუსი" წერდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მცხოვრებ ცინარიძეების ოჯახზე, სადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება და ძალზე დაზიანებული საცხოვრებელი პატარა სახლის სახურავში წვიმის წყალი ყოველთვის ჟონავს, ასევე დაზიანებულია კედლები.
რამდენიმე დღეში ცინარიძეებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ეწვია და როგორც სოციალურად დაუცველ ოჯახს, სურსათი გადასცა. როგორც ოჯახის დიასახლისი ხათუნა ცინარიძე ამბობს, მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერა მათი საცხოვრებელი ბინა და აღუთქვა დახმარება.
" საშენი მასალის ნაწილი ადრე მოგვცეს. ახლაც დაგვპირდა გამგებელი, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დახმარებას გაგვიწევს. ჩვენთვის მთავარია, გვქონდეს თუნდაც ორი ოთახი, ოღონდ წვიმა არ ჩამოვიდეს და ბავშვები სითბოში მყავდეს. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ძალიან გაგვახარეს," – გვითხრა ქალბატონმა ხათუნამ.
ცინარიძეების გარდა, სასაჩუქრე ამანათები, რომლის ღირებულება სულ 40 ათას ლარს შეადგენდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძალზე ხელმოკლედ მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 270 ოჯახს გადასცეს.