საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კიდევ ერთხელ განმარტა საგარეჯოს არჩევნებში სამხედროების მონაწილეობის დეტალები.
მინისტრის განცხადებით, ვიდრე თუნდაც ერთ ადამიანს ექნება შეკითხვა ამ თემაზე, ის მზად არის და როგორც პოლიტიკოსი ვალდებულიცაა მას დაელაპარაკოს.
"2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეს სამხედრო შენაერთი გააუქმა ბაჩო ახალაიამ თავისი ბოლო ბრძანებით, სანამ ის გადავიდოდა შსს-ში და წაიყვანა შსს-ში, შესაბამისად, იქ ეს შენაერთი აღარ არსებობდა და ის იყო ცარიელი ადგილი. ისინი იქ ხმას ვერ მისცემდნენ…
შემდეგ, შაშკინმა გამოსცა აქტი და კვლავ დააბრუნა ის შენაერთი შეიარაღებულ ძალებში, შესაბამისად, ჩვენ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, ის უკვე იყო შეიარაღებულ ძალებში. არსებობს ვიდეომასალა, რომელიც დარწმუნებული ვარ, თქვენს ტელევიზიასაც აქვს. 2012 წელს, როდესაც ირაკლი ალასანიამ წარადგინა ახალი მეთაური, სადაც მოწყობაზე არიან ამ კონკრეტული დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები, კარგად ჩანს რამდენად დიდია ეს შენაერთი.
ამის შემდეგ, როტაციულად, ისე, როგორც ეს გათვალისწინებული იყო, 2012 წელს დგება ავღანეთთან დაკავშირებული გრაფიკი და ეს შენაერთი ხვდება ავაღანეთში გასაგზავნთა როტაციაში. ისინი მიდიან სწავლებაზე „კრწანისში“ და საპრეზიდენტო არჩევნების დროს იქ იმყოფებიან, ამიტომ ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას მუხროვანში არჩევნების დროს.
თუმცა, ამ სამხედრო მოსამსახურეებმა, რა თქმა უნდა, მიიღეს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, ოღონდ „კრწანისში“. მოგეხსენებათ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ერთიანად ითვლება ყველა ხმა და ამიტომ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სად მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა. მთავარია, რომ მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ მუხროვანში, რადგან იქ არ იყვნენ.
ამის შემდეგ ცხადდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს ადამიანები იმყოფებიან ავღანეთში. შესაბამისად, ავღანეთში მყოფი შეიარაღებული ნაწილი ვერ მიიღებდა მონაწილეობას ვერანაირ არჩევნებში ადგილობრივი არჩევნების დროს 2014 წლის ბოლოს.
2015 წელს, თებერვალში, როდესაც ისინი ავღანეთიდან ბრუნდებიან, ასევე არსებობს ვიდეომასალა, როდესაც მინდია ჯანელიძე მიდის მუხროვანში და იქაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს ნაწილი უკვე ჩამოსულია მუხროვანში.
მარტო ვიდეომასალა არ არის. მე მაქვს აქტები, ბრძანებები – ნომრებად, რიცხვებად, როდის შევიდა, როდის გავიდა, როდის წავიდა „კრწანისში“, როდის წავიდა ავღანეთში, როდის დაბრუნდა,“ _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.