წლეულს, დიდთოვლობის დროს, ქალაქ ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე #29 საცხოვრებელი კორპუსის ახალგარემონტებული სახურავი დაზიანდა. კორპუსში მცხოვრებლების თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას და ითხოვენ, რომ პრობლემა დროულად მოგვარდეს.
"ვედროთი რომ ჩამოასხა წყალი, ისეა საცხოვრებელი ბინის კედელი ჩამორეცხილი. ყველა გაწვიმებაზე წყალი ჩამოდის. გადაგვიხურეს ბინა, მაგრამ თავიდან გასაკეთებელი ხომ არ უნდა იყოს ეს ყველაფერი? ჩვენ არაფრის საშუალება გვაქვს და მადლს მოაყარონ მარილი _ გააკეთონ ის დაზიანებული ადგილები, რაც დიდთოვლობის დროს გაფუჭდა", _ ამბობენ ჩვენთან საუბარში გრიბოედოვის ქუჩაზე მცხოვრებლები.
"ახალი თუნუქის სახურავი რომ გააკეთეს, იქვე დატოვეს ძველი; რამდენი. სწორედ მაშინ გაატარა წვიმა დიდთოვლობის დროს დაზიანებულმა ახალმა სახურავი ისევ დაზიანდა. ასე თუ გაგრძელდება, საშინელ დღეში აღმოვჩნდებით. დაახლოებით, 20 დღის წინ ავიდნენ სახურავზე, რამდენიმე წუთში თუნუქის პატარა-პატარა ნაფლეთები შემოგვივარდა ფანჯარაში. როგორც გავიგეთ, ძველი სახურავის მასალებს აგროვებდნენ და ჩამოჰქონდათ სახურავიდან. როგორც იყო, ისე გააკეთონ ის "ჟოლობები", _ თქვა მურმან ჩავლეშვილმა.
"ჟოლობებია" გამოსაცვლელი. ჩვენ საჭმლის ფული არ გვაქვს და ვითხოვთ ხელისუფლების დახმარებას", _ ამბობს ავთანდილ დარჩია.
გრიბოედოვის ქუჩაზე მცხოვრებლების თქმით, სახურავი იმიტომ არის უხარისხოდ გაკეთებული, რომ ტენდერს ისეთი კომპანიები იგებენ, რომლებიც უფრო მცირე თანხით ასრულებენ სამუშაოებს.
"გრიბოედოვის ქუჩის #29-ში მდებარე მრავალბინიან კორპუსში სამუშაოები შპს ‘’ინჟინერმა" ჩაატარა. შესრულებული სამუშაოები ქალაქის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურებმა შეამოწმეს.
აღნიშნულ კორპუსზე წყალშემკრები მილები, ე.წ. ‘’ჟოლობები" სტიქიისა და დიდთოვლობის დროს დაზიანდა. ხსენებულ ფირმას ვადა 25 მარტამდე აქვს მიცემული. ამ დროის მანძილზე აღნიშნულ კორპუსში არსებული პრობლემები გადაიჭრება", _ უთხრეს "გურია ნიუსს" ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ჩვენ კი აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას, მოგვარდება თუ არა გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებთა პრობლემა.