"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, ცნობილი როგორც ომარი "ჩეჩენი", შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ იერიში სირიის ქალაქ ალ-შადადთან ახლოს პარასკევს განახორციელეს, რის შედეგადაც "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი, აბუ ომარ ალ-შიშანი სავარაუდოდ მოკლეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აბუ ომარ ალ-შიშანი ცნობილი იყო როგორც "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მეთაური.
ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატების დეპარტამენტს მასზე 5 მილიონი დოლარის ჯილდო ჰქონდა დაწესებული.
მაუწყებლის ინფორმაციით, შიშანი ქართული სამხედრო დანაყოფის ყოფილი წევრია.
პენტაგონის წარმომადგენელმა, პიტერ კუკმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ბათირაშვილი გამოცდილი მებრძოლია, რომლის გამოცდილებამაც ერაყსა და სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მრავალი ქმედება გამოიწვია.
"მისი დაკარგვა უარყოფითად აისახება ისლამური სახელმწიფოს ბრძოლის ველზე, განსაკუთრებით ჩეჩნეთისა და კავკასიის რეგიონებში, ასევე გამოიწვევს მათი კოორდინაციის დაქვეითებას რაქაში, სირიასა და ერაყში,"_განაცხადა მან.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, შიშანის ჩათვლით ისლამური სახელმწიფოს 12 მებრძოლია დაღუპული.
როგორც ცნობილია, შიშანი "ისლამურ სახელმწიფოს" 2013 წელს შეუერთდა, მოგვიანებით კი რაქას ციხესთან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ტურისტების მძევლად აყვანისთვის პასუხისმგებლობა აიღო.
თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, 2014 წლის ივნისში შიშანიმ ჯგუფს ერაყიდან სირიაში იარაღის გადატანა დაავალა, საბოლოოდ კი მეთაურმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდათმა ის "ისლამური სახელმწიფოს" მეთაურად დაასახელა ჩრდილოეთში და სამხედრო ოპერაციების ზედამხედველობა დაავალა სირიაში.