სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს ინსპექტორის ანა პაპავას თქმით, სამმართველო მრავალმხრივ ღონისძიებებს ატარებს სურსათის უვნებლობის მხრივ.
„ეს ობიექტებია საბავშვო ბაღები, სკოლის ბუფეტები და ზოგადად ყველა სახის კვების ობიექტები. რა თქმა უნდა სამზარეულოში მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება ხდება. მიმდინარეობს ყოველდღიური აღრიცხვა პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის, რისთვისაც შემუშავებული გვაქვს სპეციალური ფორმები, რომლებიც მიწოდებული აქვს ყველა კვების ობიექტს. იქ, სადაც ექთანი ჰყავთ, შემოწმებას ახორციელებს ექთანი. ხოლო, საწარმოში ვინმე პასუხისმგებელი პირი. საწარმოო პროცესის მსვლელობის დროს არანაირად არ უნდა დაიშვებოდეს რაღაც ინფექციური დაავადებებით მატარებელი ადამიანი", _ აღნიშნა პაპავამ გადაცემაში „არჩევანი მე“ სტუმრობისას.
_ კონკრეტულად რაზე მოწმდება?
_ გარეგნული დათვალიერება მოწმდება ყოველდღიურად. უფრო გასაგები, რომ იყოს ჩირქოვანი გამონაყარი ხომ არ აქვს, ან რაიმე ჭრილობები, ცემინება ხომ არ აქვს, ან ცხვირიდან გამონადენი და ასეთი სახით მოწმდება ყოველდღიურად.
_ ქალბატონო ანა, ჩვენ რამდენიმე ობიექტი, საბავშვო ბაღი და სკოლის ბუფეტი გადავამოწმეთ… არსად არ უთქვამთ, რომ მსგავსი შემოწმებები ხდება.
_ საბავშვო ბაღის მზარეულებს ე.წ ფორმა 100 აქვთ. სულ ახლახან განვახორციელეთ მონიტორინგი და ყველას აქვს ეს ფორმები.
_ ყოფილა თუ არა შემთხვევა, რომ მზარეულს გადამდები დაავადების, მაგალითად სოკოს გამო სამსახურიდან წასვლა მოუწია?
_ ჩემი მუშაობის პერიოდში მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. ცხრილები შევსებული მხვდება და რომელიმე დღე გამოთავისუფლებული ყოფილიყო არ შემხვედრია.
_ არის თუ არა იმის დასაშვებობა, რომ ფორმა, რომელსაც თქვენ ტოვებთ ვიღაცამ თვითნებურად შეავსოს და არ ასახავდეს რეალობას?
_ ყველა ფორმის ბოლოს ხელს აწერს პასუხისმგებელი პირი. თვითნებურად ამას ვერ გააკეთებენ.
_ გადამოწმებას ახდენთ?
_ გადამოწმებას ვახდენთ გადამოწმების პერიოდში, ეს ხდება გეგმიური ინსპექტირების დროს.
_ როგორ ამოწმებთ?
_ იმ ცხრილის შევსების მიხედვით ხდება გადამოწმება. იმ დღეს, როდესაც ჩვენ ვართ შესული ჩვენ ვაკონტროლებთ. ძირითადად გარეგნული დათვალიერება იწერება ჩვენს ცხრილებში. მინდა გითხრათ, რომ მანიკიურიც არ არის დასაშვები, ფრჩხილები მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს, გამონაყარი არ უნდა ჰქონდეს, არც მაკიაჟი…
_ ეს მხოლოდ საბავშვო ბაღებში?
_ ყველგან არის ეს სტანდარტი, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
_ სკოლის ბუფეტების შემოწმებაც სისტემატიურად მიმდინარეობს?
_ სკოლის ბუფეტებს რაც შეეხება, უმეტეს მათგანში საწარმო პროცესი არ მიმდინარეობს. ძირითადად შეაქვთ პროდუქტები და ნაკლებად არის რისკები.
_ თუმცა, საინტერესოა შენახვის პირობები რამდენად არის დაცული…
_ გეთანხმებით. თუ არ არის დაცული, რა თქმა უნდა დარღვევაა.
_ ქალაქ ოზურგეთში, ცენტრალური ბაზრის წინ კერძო პირები ყოველდღიურად ყიდიან ხაჭაპურს. თუ ამოწმებთ რა პირობებში მზადდება და არის თუ არა დაცული შენახვის პირობები?
_ გარე მოვაჭრეების შემოწმებას ვერ ვახორციელებთ, თუ ბიზნეს ოპერატორად არ არის რეგისტრირებული. შეიძლება ასე ითქვას, რომ კანონი არ გვიშვებს. გარე მოვაჭრეები ნამდვილად არ არიან შემოწმებული, _ აღნიშნა პაპავამ გადაცემაში სტუმრობისას.
ნახეთ გადაცემის სრული ვერსია: ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულება _ არის თუ არა მომხმარებელი დაცული