ჟურნალ "ლიბერალის" რედაქტორის, ზურაბ ვარდიაშვილის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ.
როგორც ვარდიაშვილი ამბობს, თსუ-ს თვითმმართველობის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა, "ლიბერალის" ერთ ჟურნალისტს ყელში ხელი წაუჭირეს, მეორეს კი, კამერა დაუმტვრიეს.
"სოფო გოგიშვილს ყელში ხელი წაუჭირეს, ბასტი მგალობლიშვილს კი, კამერა წაართვეს და დაუმტვრიეს. ორივე "ლიბერალის"ჟურნალისტია.
ამ მომენტისთვის ისინი უნივერსიტეტში მუშაობას აგრძელებენ. მოგვიანებით რედაქცია გადაწყვეტს როგორ ვუპასუხოთ ამ ქმედებას.
ჟურნალისტები ჯერჯერობით არ მინახავს, რადგან ისინი თსუ-ში რჩებიან, ამიტომ არ ვიცი დეტალები. თუმცა, ვიცით, რომ მხოლოდ "ლიბერალის" ჟურნალისტებზე არ ყოფილა ასეთი ქმედება განხორციელებული. ასევე, აგრესიულად იყვნენ განწყობილები "ნეტგაზეთის" ჟურნალისტების მიმართაც. როგორც ჟურნალისტებმა ჩემთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, თვითმართველობის მხარდამჭერი სტუდენტები მათ ეუბნებოდნენ, რომ თქვენი და "ნეტგაზეთის" ჟურნალისტების ადგილი აქ არ არის და მეორე აქციაზე წადითო. არ ვიცი, რატომ მოხდა ასეთი აგრესიული ქმედება", _ უთხრა "გურია ნიუსს" ვარდიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თსუ-ში დღეს, ერთსა და იმავე დროს სტუდენტთა ორი სხვადასხვა ჯგუფის აქცია გაიმართა.
ერთი ჯგუფის მოთხოვნებია: უნივერსიტეტის რექტორმა აიღოს პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე და აღდგეს უნივერსიტეტის გამართული ფუნქციონირება; გათავისუფლდეს უნივერსიტეტი "ოდეერის" და ყველა მსგავსი საბჭოური გადმონაშთისგან; უპირობოდ სცეს პატივი უნივერსიტეტის მართვის დემოკრატიულ პრინციპებს და მიეცეს უნივერსიტეტის უმაღლეს წარმომადგენლობით საბჭოს თავისუფალ რეჟიმში მუშაობის უფლება!
სტუდენტების სხვა ჯგუფი კი, რომელიც რამდენიმე დღეა უნივერსიტეტის ფოიეში ღამეს ათენებს, ითხოვს, რომ უშიშროების თანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე, გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიები; ასევე, უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში მოხდეს სტუდენტებისა და ლექტორების მაქსიმალური ჩართულობა.
ამავე თემაზე:
„უნივერსიტეტში 20-მდე პირი შემოიჭრა, რომლებიც სახეს მალავენ“
გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა – აქციები კვლავ გრძელდება