ამ წუთებში დასრულდა დაკითხვები კონტროლის პალატაში. “ქართული ოცნების” წევრი არჩილ კიბილაშვილი თავისი დაცვის ქვეშ მყოფ გურამ ბერძენიშვილთან ერთად პირველ კომენტარებს აკეთებს.
გურამ ბერძენიშვილს კრწანისის რაიონში, თავისი კუთვნილი ბინა აქვს მიქირავებული კოალიცია “ქართულ ოცნებისთვის”.
არჩილ კბილაშვილი: “როდესაც დაუსვეს კითხვა, რატომ და რა ვითარებაში გააქირავა ამ ადამინმა საკუთარი ბინა, გურამ ბერძენიშვილმა განმარტა, რომ მას ჰყავს პატიმარი შვილი 2010 წლიდან, რომელიც იყო ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. გამომდინარე იქედან, რომ მისი შვილი პატიმარია, ოჯახს ძალიან გაუჭირდა და მიიღო ეს გადაწყვეტილება. ბერძენიშვილს ინფორმაცია ბინის გაქირავების შესახებ “მაკლერ გე”-ზე განთავსებული ჰქონდა 2010 წლიდან და მხოლოდ ახლა მოხერხდა მისი გაქირავება”.
“გურია ნიუსი”ს კითხვაზე, კონტროლის პალატაში დაკითხვის შემდეგ ხომ არ მოხდება გურამ ბერძენიშვილის შვილზე რაიმე სახის ზეწოლა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა: “ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება! არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს იმ ფაქტს, პატიმრის ოჯახმა რა გადაწყვეტილება მიიღო. მით უმეტეს, გურამ ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილება მატერიალური საჭიროებით იყო გამოწვეული. მან არ იცოდა იმის შესახებ, ვინ ქირაობდა ოფისს და ეს არც აინტერესებს”.
გურამ ბერძენიშვილის შვილი სასჯელს რუსთავის კოლონიაში იხდის და მას 6 წელი აქვს მისჯილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.