ლექტორების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები "აუდიტიორია 115"-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, პროფესორმა ცირა ბარამიძემ განაცხადა, პრობლემა უნდა გადაიჭრას თსუ-ში და არა განათლების სამინისტროში, პარლამენტში ან სხვა უწყებაში.
"უნივერისტეტს აქვს შიდა რესურსი, ვგულისხმობ, პროფესორების და სტუდენტების ერთობას, რომ კონსტრუქციულად გადაჭრას პრობლემა. ამისთვის შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი და გუშინ უკვე შევძელით რიგი ნაბიჯების გადაგმა. მართალია, უნივერიტეტში არის კრიზისული მდგომარეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ჩვენი მცდელობა წარმატებით განხორციელდება. "აუდიტორია 115"-ის სტუდენტები რეალურ სისტემურ საკანონმდებლო პრობლემებს სვამენ და ის ამოცანები, რომელთაც ისინი სახავენ, მათ შორის სისტემური ცვლილების თვალსაზრისით, აუცილებალდ უნდა მოგვარდეს,"-აღნიშნა ბარამიძემ.