წყლის პრობლემის გადაჭრა, გაზიფიცირება, შიდა გზები, გარე განათება, _ ეს იმ პრობლემების მოკლე ჩამონათვალია, რომლის მოგვარებასაც მოსახლეობა მოითხოვს.
ამ პრობლემების გაცნობისა და 2010 წელს გახორციელებული პროექტების შესახებ, მოსახლეობის მოსაზრებების გაცნობის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე სოფლის მოსახლეობას ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხვდება. გამგებელი უკვე იყო 23 ტერიტორიულ ერთეულში და მოსახლეობის მოსაზრება მოისმინა.
მისი თქმით, შეხვედრის მიზანი, ინფრასტრუქტურისა და სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სოფლის საჭიროებისა და მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით, პრიორიტეტების ჩამოყალიბებაა.
_ ბატონო გიორგი, რა პრობლემებია სოფლებში და რომლის გადაჭრაა შესაძლებელი 2011 წელს, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში?
_ საკრებულომ რამდენიმე თვეა, რაც გამგებლად ამირჩია და ამ რანგში, ასეთი შეხვედრები მოსახლეობასთან ჯერ არ მქონია. თუმცა, გამგებლის მოადგილედ მუშაობისას, ხალხს პერმანენტულად ვხვდებოდი. 2010 წლის დასაწყისში ყველა სოფელში მქონდა შეხვედრა და საუბარი მოსახლეობასთან საჭირბოროტო საკითხებზე. ახლა წლის ბოლოა და აქედან გამომდინარე, მაინტერესებს წლის ანგარიში _ რა გაკეთდა თუ არ გაკეთდა ამა თუ იმ სოფელში, როგორ იმუშავა რწმუნებულმა ადგილზე, რა იყო ხალხის მოთხოვნა და რა შესრულდა ჩვენს მიერ, როგორ მიმდინარეობდა სოფლის განვითარების პროგრამის სამუშაოები. ბუნებრივია, ვფიქრობ, რომ ვალდებულება მაქვს, ვიცოდე, რა გაკეთდა ამ ერთ წელიწადში, გაუმჯობესდა თუ არა მოსახლეობის ყოფა და როგორ შეიძლება დაიგეგმოს 2011 წელს გასაკეთებელი სამუშაოები, რომ იგი უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე გასულ წლებში.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ უკვე იყავით ბევრ სოფელში. ძირითადად, რა პრობლემები აქვს მოსახლეობას?
_ მოსახლეობა ითხოვს იმ პრობლემების გადაჭრას, რის მოგვარებაც სოფლის პროგრამის ფარგლებშია შესაძლებელი და იმისაც, რის მოგვარებაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ ხერხდება. მაგრამ ამის მოსმენას ჩემთვის, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს.
პრობლემურია ინდივიდუალური გამრიცხველიანების საკითხი, რომელიც მასშტაბური ხასიათისაა. ეს პროცესი დაწყებულია. იმედი მაქვს, გაგრძელდება და ბევრ სოფელს მოიცავს. პრობლემაა, როგორც შიდა გზების, ისე ცენტრალური გზების მოწესრიგება. ლოკალური პრობლემაა უწყლობა, გაზიფიცირება. არის ისეთი პრობლემები, როგორიცაა გარე განათება, მოედნების მოწყობა, საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის სოციალური პრობლემები, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრს აწუხებს. მაგალითად, არაერთი ადამიანი აპროტესტებს სუბსიდიების სააგენტოს მიერ დახმარებების დანიშვნასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ ამას ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ გადაწყვეტს, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მე არ მეხება, ვალდებული ვარ, მათ ვუშუამდგომლო ყველა კერძო კომპანიასთან.
_ როგორც ვიცით, უკვე განისაზღვრა სოფლის განვითარების ფარგლებში გამოყოფილი თანხების რაოდენობა.
_ დიახ, განსაზღვრულია სახელმწიფო ბიუჯეტით სოფლის განვითარების პროექტების გასახორციელებელი თანხების რაოდენობა _ ის იქნება იმდენი, რამდენიც 2010 წელს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხალხს ვეუბნებით, რა თანხაა სოფლისთვის გამოყოფილი, იფიქრონ და გადაწყვიტონ, რისი გაკეთება ურჩევნიათ. ძალიან მინდა, რომ სოფლის ჩართულობა მაღალ დონეზე იყოს. სხვათა შორის, ეს უკვე შეიმჩნევა და ამ საკითხებს ისე უდგებიან, როგორც საკუთარი ოჯახის პრობლემებს. გათავისებული აქვთ, რომ თუ თავად ჩაერთვებიან ამ პროცესებში, მეტი გაკეთდება სოფლისთვის. ეს არის, ძირითადად, შეხვედრების მიზანი. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, პირადად შევხვდე მოსახლეობას და ვესაუბრო, უშუალოდ მათგან მოვისმინო, რა აწუხებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი რამ ვისწავლე ხალხთან ურთიერთობით. მათი მხრიდან ისეთი მოსაზრებები და რჩევები წამოვიდა, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.
_ თქვენ თქვით, რომ მათ აცნობეთ იმ თანხების რაოდენობის შესახებ, რომელიც სოფლისთვის გამოიყოფა. ეს არსებული პრობლემების გადასაჭრელად საკმარისია?
_ ბუნებრივია, არ არის საკმარისი. თვითონ იციან, რომ კომუნალური პრობლემების გადაჭრა ამ თანხებით არ არის შესაძლებელი, მაგრამ შუამდგომლობას გვთხოვენ სხვადასხვა კერძო კომპანიებთან. რისი გადაჭრაც არის შესაძლებელი, აუცილებელია, შეთანხმდნენ და ერთად გადაწყვიტონ. ეს ყველაფერი აისახება ჩვენი შეხვედრების ოქმებში. ამ შეხვედრებზე შეიძლება, მოსახლეობა მასიურად არ მოვიდეს, ამიტომ რწმუნებულები ყველა ოჯახში მივლენ და ინდივიდუალურ გამოკითხვას ჩაატარებენ. მე ვერ გეტყვით, რომ ყველა მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ თითოეული მათგანის აზრი უნდა გავიგოთ, რადგან ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved