შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული თინათინ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით გორში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გორში ნაცნობ ახალგაზრდა მამაკაცს, მისივე საცხოვრებელ ბინაში, ყავაში საძილე აბები ჩაუყარა, რის შემდეგაც ბინაში ბენზინი მოასხა, ხანძარი განზრახ გააჩინა, კარი ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძინარე მამაკაცი, სავარაუდოდ, კვამლით გაიგუდა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
"სამართალდამცველებმა ქალაქ გორში გვიან ღამით შენიშნეს ახალგაზრდა ქალი, რომლის ქცევაც ეჭვს იწვევდა. მან პოლიციელების დანახვისთანავე მიმალვა სცადა. სამართალდამცველებმა იგი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ გოგონას ზედაპირული დათვალიერების შედეგად, მისი ერთ-ერთი ჯიბიდან ბინის გასაღები და მობილური ტელეფონი ამოიღო, რომლებიც, როგორც შემდეგ დადგინდა, გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნოდა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)", _ აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.