29 მარტიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს სამი დღის განმავლობაში შეუწყდება. ამის მიზეზი აჭარის რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ქობულეთი-ბათუმის ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობისა და მაღალი წნევის გაზსადენი მილების რეაბილიტაციაა.
"პროექტიდან გამომდინარე, მშენებარე ახალი საავტომობილო მაგისტრალის და ბუნებრივი გაზის ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე ბუნებრივი აირის ცენტრალური მილების გადატანა ერთდროულად 6 პუნქტზე განხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 29 მარტიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. სამუშაოები გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში, შემდეგ კი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესს "სოკარ ჯორჯია გაზი" ეტაპობრივად განახორციელებს და 3 აპრილს გაზის მიწოდება რეგიონის მასშტაბით სრულად მოხდება.
აღნიშნული პერიოდი საჭიროა გაზმომარაგების კომუნიკაციების განახლებისა და სამუშაოების სრულფასოვნად წარმოებისთვის, რაც მომავალში, მათ შეუფერხებელ ფუნქციონირებას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები. ამასთან, კომერციული ბუნებრივი აირის მომხმარებლებმა და სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებმა ამ პერიოდისათვის საჭიროა უზრუნველყონ ალტერნატიული საწვავის მომარაგება, რომ არ შეფერხდეს მათი ფუნქციონირება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბოდიშს უხდის აჭარის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო.
"სოკარ ჯორჯია გაზის" აჭარის რეგიონალური ოფისის თანამშრომლები სრული შემადგენლობით გადავლენ 24 საათიან სამუშაო გრაფიკზე. 24 საათიან რეჟიმში შეასრულებს სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანიაც, რათა აჭარის ხელისუფლებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად უზრუნველვყოთ შეუფერხებლად და მაქსიმალურად სწრაფად კომუნიკაციების შეცვლის პროცესის დასრულება", _ აღნიშნულია "სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.