ამ წუთებში “გურია ნიუსისთვის”ცნობილი გახდა ზუგდიდის საოლქო პროკურატურის შენობასთან ასაფეთქებელი ნივთიერების დადების შესახებ. პირველი კომენტარი გააკეთა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გურამ მესაბიშვილმა. მან განაცხადა, რომ ისეთი სერიოზული არაფერი ხდება, რაც შეიძლება განგაშის საფუძველს იძლეოდეს.
დეტალების დაკონკრეტებისგან მან თავი შეიკავა და გაგვიცხადა, რომ ინფორმაციის დასაზუსტებლად მიგვემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ადგილობრივი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, ამ წუთებში საოლქო პროკურატურის წინ იმყოფება და თვალყურს ადევნებს იქ მიმდინარე მოვლენებს.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა ზუგდიდში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი აზრით, ეს ამბავი უკავშირდება “ქართული ოცნების” დღევანდელ ვიზიტს ზუგდიდში.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქუთაისში მყოფ “ქართული ოცნების” ერთ-ერთ წევრს გოგლა ჟვანიას ამ ფაქტის შესახებ რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად აცნობა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მანანა კობახიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ისინი მაინც ჩავლენ ზუგდიდში და დარწმუნებულია, მოსახლეობის დიდი ნაწილი მივა ამ შეხვედრაზე.