რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დაკავებულია პიროვნება, რომელიც რუსების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა და გადმოიტანა ქ.ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება. სამინისტროს ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება ამოღებულია და გაუვნებელყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის განაღმვის სამმართველოს მიერ. საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის საოლქო პროკურატურის შენობასთან ასაფეთქებელი ნივთიერების დადების შესახებ გახდა ცნობილი. ჩვენი კორესპოდენტის თამარ ლეფსვერიძის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, საოლქო პროკურატურის წინ იმყოფება და თვალყურს ადევნებს იქ მიმდინარე მოვლენებს. როგორც ცნობილი დღეს ზუგდიდში “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება მოსახლეობასთან. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მანანა კობახიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ისინი მაინც ჩავლენ ზუგდიდში და დარწმუნებულია, მოსახლეობის დიდი ნაწილი მივა ამ შეხვედრაზე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved