ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა ნათელა თოხაძემ, 2 მაისს, ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში ოზურგეთის მუნიციპალიეტეტის სოფელ მელქედურის ყოფილი გამგებლის ლენა ქადეიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ნათელა თოხაძემ აცნობა.
“სოფლის მაშინდელმა გამგებელმა ლენა ქადეიშვილმა სკოლისთვის მოიპოვა ორი გრანტი _ ერთი, 2 000-დოლარიანი, ორგანიზაცია “CARE”-დან, რომლის ფარგლებშიც სკოლის მეორე სართულზე შეიცვალა ყველა საკლასო ოთახის კარები და ფანჯრები _ დერეფანში, ასევე მეორე სართულზე, შეიღება ფოიე და დერეფანი. მეორე პროექტი ლენა ქადეიშვილმა მოიპოვა რაიონის გამგეობიდან, რომელიც შეადგენდა 10 000 ლარს. აღნიშნული თანხიდან, რაც ჩვენ ვიცით, შეკეთდა მეორე სართულის ფოიეს ჭერი, რაზეც სავარაუდოდ, დაიხარჯებოდა 500 დან 1 000 ლარამდე, დანარჩენი თანხის ხარჯვის შესახებ არაფერი ვიცით. ლენა ქადეიშვილი შეეცადა, გურიის რეგიონის მაშინდელ ხელმძღვანელობისა და რაიონის გამგეობისთვის ეჩვენებინა ჩატარებული სამუშაოები. მათ არაფერი იცოდნენ “CARE”-ს პროექტის შესახებ და ჩათვალეს, რომ რემონტი გახორციელებული იყო რაიონის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 10 000 ლარის ფარგლებში.
გთხოვთ, გამოიძიოთ აღნიშნული ფაქტი და გვიან, მაგრამ მაინც, დაუბრუნდეს სკოლას მისი სახელით გაფლანგული თანხა”, _ ნათქვამია განცხადებაში.