დევიდ ტომპსონი
დევიდ ტომპსონი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში შორეულ 1970-იან წლებში ასპარეზობდა და მისი დანკები მხოლოდ კალათბურთის ერთეულ ქომაგებს ემახსოვრებათ. ამბობენ, რომ "დენვერ ნაგითსისა" და "სიეტლ სუპერსონიქსის" წევრი ტომპსონი კალათბურთს არა ფულის, არამედ, სიამოვნების გამო თამაშობდა. ლეგენდის თანახმად, მას იმდენად კარგი ნახტომი ჰქონდა, რომ ერთხელ ფარის თავზე მიმაგრებული ერთდოლარიანი კუპიურის მოხსნა მოახერხა. ტომპსონსვე ეკუთვნის იმ დროის კიდევ ერთი რეკორდი – იგი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი ლიგაში, როდესაც 5-წლიანი კონტრაქტისთვის 4 მილიონი დოლარის ანაზღაურება მიიღო.
ჯულიუს ირვინგი
დოქტორ ჯეი, როგორც ჯულიუს ირვინგს უწოდებდნენ, თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო დანკერი გახლდათ. ყველა ახალგაზრდა კალათბურთელი ცდილობდა, ირვინგს დამსგავსებოდა.1970-იან წლებში ის იყო მათთვის ნამდვილი კერპი, მოდის ფუძემდებელი და ნომერ პირველი ვარსკვლავი ასოციაციაში. ირვინგი NBA-ს ყველა დროის 50 საუკეთესო კალათბურთელს შორის ფიგურირებს, ხოლო მის მიერ შესრულებული დანკები დღემდე სამაგალითოდ ითვლება.
შონ კემპი
იმ პერიოდში, როდესაც ლიგაში ასპარეზობდნენ ლარი ნენსი, დერილ დოუკინსი, კონი ჰოუკინსი და სხვები, შონ კემპი საოცრებებს სჩადიოდა. 206-სანტიმეტრიანი კემპი ყველაზე გრაციოზულად ახერხებდა ბურთის ჩატენას კალათში და, თუკი ვინმე მას ამის უფლებას უზღუდავდა, დანკების ოსტატისგან არნახულ აგრესიას იღებდა. გავრცელებული აზრის თანახმად, შონ კემპი ყველაზე ლამაზად ახერხებდა ბურთის ჩატენას. "კლივლენდის", "ორლანდოს", "პორტლენდისა" და "სიეტლის" ვარსკვლავი შონ კემპი ექვსჯერ იღებდა მონაწილეობას და 1994 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებ გუნდთან ერთად.
მაიკლ ჯორდანი
კალათბურთის მეფე და ჰაერის ბატონ-პატრონი, ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი ყველაფერში საუკეთესო იყო და არცაა გასაკვირი, რომ ჯორდანს დანკებიც ოსტატური ჰქონდა. ჯულიუს ირვინგის პენსიაზე გასვლის შემდეგ ჯორდანმა კალათში ჩატენის თავისებური ხელწერა შეიმუშავა, რომელიც დღემდე სამაგალითოა ლიგაში. საინტერესოა, რომ ბურთის ჩატენის მომენტში ჯორდანს მუდამ გამოყოფილი ჰქონდა ენა და ეს მისი ერთგვარი საფირმო „დანკის” ნაწილი იყო. ჯორდანის სიდიადეზე, არა მარტო ბურთის ჩატენის ამბავში უსასრულოდ შეიძლება საუბარი.
დომინიკ უილკინსი
დომინიკ უილკინსს შონ კემპისა და მაიკლ ჯორდანის გაერთიანებულ ვარიანტს უწოდებენ. პარიზში დაბადებული უილკინსი ორჯერ გახდა სლემ-დანკის შეჯიბრის გამარჯვებული – 1985 და 1990 წლებში. კალათბურთის სტაჟიან ქომაგებს კი ემახსოვრებათ მისი და სპად უების დუელი აღნიშნულ შეჯიბრებებზე, როდესაც მავანნი ამბობდნენ, რომ მონდომების შემთხვევაში უილკინსი ყველა შეჯიბრების გამარჯვებული გახდებოდა. უილკინსი ცხრაჯერ მონაწილეობდა NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში და 1994 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა აშშ-ს ნაკრებთან ერთად.