"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" ე.წ. ოდეერების საქმიანობისა და კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ე.წ. "ოდეერები" საჯარო დაწესებულებებში კანონმდებლობის დარღვევით საქმიანობენ.
"გურია ნიუსი" კვლევას უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოში არსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ხელმისაწვდომობის სისტემა საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორც გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. საქართველოს კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებს, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს, მიიღოს და გაეცნოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ასლს. უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობის მოცემულ ჩანაწერს 2015 წლის 27 ოქტომბერს დაემატა დათქმა, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს იმ თანამდებობის პირთა დეკლარაციები "რომლის თანამდებობას "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საიდუმლოების გრიფი აქვს მინიჭებული" (ცვლილება ძალაში 2017 წლის 1 სექტემბრიდან შევა).
აღსანიშნავია, რომ არც "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონი და არც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხა არ მოიცავს კონკრეტულ მითითებას იმაზე, თუ რომელ თანამდებობას შესაძლებელია ქონდეს მინიჭებული გრიფი საიდუმლო. ნაცვლად ამისა, მოქმედ კანონმდებლობაში არის მითითება, რომ საიდუმლოს წარმოადგენს ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომლებიც დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში კონფიდენციალურად თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ სათანადო საქმიანობის განმახორციელებელ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან. სადავოა, თუ როგორ არის შესაძლებელი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მითითებული მონაცემები ამჟღავნებდეს კონკრეტულ პირთა უსაფრთხოების სტრუქტურებთან კონფიდენციალური თანამშრომლობის ფაქტებს. ამასთან, "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონის აღნიშნული ჩანაწერი არის ძალზედ ბუნდოვანი და ანიჭებს მთავრობას ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას შეზღუდოს წვდომა ქვემოთ ჩამოთვლილ იმ თანამდებობის პირთა დეკლარაციებთან, რომლებსაც არსებული მდგომარეობით ეკისრებათ ვალდებულება წარადგინონ დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროში:
1. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
2. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;
4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათში შემავალი მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;
5. საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები.
იმის გასარკვევად, თუ რომელ თანამდებობას შესაძლებელია ქონდეს მინიჭებული გრიფი საიდუმლო IDFI-მ მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს. უწყების წერილი არ მოიცავს ჩვენს შეკითხვაზე პასუხს. ნაცვლად ამისა საჯარო სამსახურის ბიურომ მიგვითითა სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებაზე. აღნიშნული ნუსხა ადგენს, რომ სახელმწიფო საიდუმლოებას შესაძლებელია წარმოადგენდეს ცნობები სადაზვერვო, კონტრ-სადაზვერვო და სხვა სპეცსამსახურების სტრუქტურის, ფუნქციური მოვალეობებისა და მონაცემები ფარული თანამშრომლობის შესახებ, რომელთა გამჟღავნება გამოააშკარავებს სპეცსამსახურების მუშაობის მიმართულებას და დაინტერესების ობიექტებს. ამასთან, მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის მე-19 მუხლის ვ) პუნქტის მიხედვით, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში სახელმწიფო საიდუმლოებას შესაძლებელია წარმოადგენდეს ცნობები, რომლებიც გამოააშკარავებენ სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებშისაქართველოს სპეციალური სამსახურების მოქმედი რეზერვის ოფიცერთა (Офицер Действующего Резерва – ОДР) მუშაობის ფაქტს, მათი საქმიანობის ფორმებს, მეთოდებსა და საშუალებებს.
დამატებით აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 18 ნოემბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა (სულ 25 უწყება). მოცემული სია განსაზღვრავს იმ სახელმწიფო უწყებებს, სადაც შესაძლებელია მივლინებულ იყვნენ ოფიცრები უსაფრთხოების საკითხებში ე.წ. "ოდეერები". მთავრობის მიერ იმ სახელმწიფო უწყებათა სიის განსაზღვრა, სადაც შესაძლებელია მივლინებულ იყვნენ ოფიცრები უსაფრთხოების საკითხებში, დადებითად უნდა შეფასდეს, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფომ ამ ეტაპზე მეტად განჭვრეტადი გახადა ის სექტორი, სადაც შესაძლებელია, რომ მუშაობდნენ უსაფრთხოების ოფიცრები. მიუხედავად ამისა, როგორც ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, პრაქტიკაში შესაძლებელია მრავლად არსებობდეს ისეთი შემთხვევები, როდესაც ე.წ. "ოდეერები" საქმიანობას ახორციელებენ იმ უწყებებში, რომლებსაც არ მოიცავს ზემოთ მითითებული ნუსხა.
ამავე დროს, საქართველოს უნივერსიტეტში ე.წ. "ოდეერის" საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ წარმოადგენდა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტს, შესაბამისად, მათ არ ჰყავდათ ე.წ. "ოდეერი" და არც უნივერსიტეტს უნდა ჰყოლოდა.
თამარ სანიკიძის აღნიშნული განცხადების საპასუხოდ გარკვეულმა ჯგუფებმა ღიად დაასახელეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასაქმებული ე.წ. "ოდეერები", რომლის მიხედვითაც აღნიშნული პირები მაღალ თანამდებობას იკავებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრს, ღია წერილით მიმართა აგრეთვე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან გიგაშვილმა, რომელმაც წერილში მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით, მოითხოვა შესწავლილი ყოფილიყო ე.წ. "ოდეერების" საკითხი როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ისე საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში.
ზემოთ მოყვანილი ფაქტების წარმოდგენის შემდგომ, IDFI შეეცადა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად გამოერკვია, რამდენად ჰქონდათ კავშირი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის თანამდებობის პირებს ე.წ. "ოდეერის" საქმიანობასთან.
სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ზურაბ გეგუჩაძის 2016 წლის 7 მარტს განთავსებული ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული პიროვნება 2015 წელს წარმოადგენდა "სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრები უშიშროების საკითხებში" სამმართველოს უფროსს. ამავე 2015 წელს, ზურაბ გეგუჩაძე ასევე იყო სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მეოთხე მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ IDFI-ის მიერ ჯერ კიდევ 2015 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოითქვა ვარაუდი, რომ ზურაბ გეგუჩაძე წარმოადგენდა ე.წ. "ოდეერს", რომელიც კვლევის პერიოდისათვის დასაქმებული იყო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული პიროვნება მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე იღებდა გარკვეულ შრომის ანაზღაურებას, თუმცა მის მიერ ქონებრივ დეკლარაციებში აღნიშნული ფაქტი არ არის დაფიქსირებული და მის სამუშაო ადგილად მითითებულია მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში (მთავარი სამმართველო) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. აღნიშნულ პოზიციაზე მისმა შემოსავალმა 2014 წელს შეადგინა 66 895 ლარი, ხოლო 2015 წელს – 35 786 ლარი.
იმ უწყებებში, რომლებიც მთავრობის დადგენილების შესაბამისად სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს არ წარმოადგენენ, (მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უმაღლესი სასწავლებლები), ე.წ. "ოდეერის" საქმიანობა ცალსახად წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას. ხოლო, "ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილმა ბოლო ცვლილებებმა შესაძლებელია წაართვას საზოგადოებას აღნიშნული პროცესის სრულყოფილი მონიტორინგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, როდესაც შეიზღუდა წვდომა იმ პირთა დეკლარაციებზე, რომლებსაც "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად უკავიათ საიდუმლოების გრიფის მქონე თანამდებობა. აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა თუკი გავითვალისწინებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ მოიცავს მითითებას იმაზე, თუ რომელ თანამდებობას შეიძლება მიენიჭოს გრიფი საიდუმლო. აღსანიშნავია, რომ სწორედ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის გზით შეძლო IDFI-მ გამოევლინა ე.წ. "ოდეერების" არსებობა 2014 წელს ისეთ უწყებებში, როგორებიცაა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აგრეთვე, ზემოთ წარმოდგენილი ფაქტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ განვლილი წლების განმავლობაშიც მაღალი თანამდებობის მქონე ე.წ. "ოდეერების" ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ხშირ შემთხვევაში პროაქტიულად არ იყო ხელმისაწვდომი და მათი მოძიება IDFI-იმ მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროსგან გაგზავნილი მოთხოვნის შედეგად შეძლო. კანონმდებლობაში აღნიშნული ცვლილების შემდეგ სუს-ის შესაბამისი დეპარტამენტისა და სამსახურების ხელმძღვანელების და მათი მოადგილეების ქონებრივი დეკლარაციების მოძიება სავარაუდოდ შეუძლებელი იქნება როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე, ისე მათი მოთხოვნის შემთხვევაშიც. შესაბამისად, მოცემული ცვლილება უნდა შეფასდეს, როგორც ანგარიშვალდებულების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი.
ზემოთ წარმოდგენილი ფაქტები, გვაძლევს საფუძვლიან ეჭვს ვარაუდისთვის, რომ საჯარო დაწესებულებებში კანონმდებლობის დარღვევით საქმიანობენ ე.წ. "ოდეერები". აღნიშნული აუცილებელს ხდის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საქართველოს პარლამენტისათვის გაგზავნილი მოთხოვნის შესრულებას, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. კომისიამ მიმდინარე მოვლენების შესწავლის პარალელურად, აგრეთვე, უნდა იმსჯელოს 2015 წლის ზაფხულში გატარებული რეფორმის ეფექტიანობაზე და "ოდეერის" ინსტიტუტთან დაკავშირებული პრობლემების სისტემურ გადაწყვეტაზე.