"დემოკრატიული მოძრაობის" სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა კოორდინატორმა, ახალციხის საკრებულოს დეპუტატმა ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის მერს სასამართლო პროცესი მოუგო. გიორგი კოპაძეს ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ეთერით ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა დაევალა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გია ბერაიამ "დემოკრატიული მოძრაობის" სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური კოორდინატორის, ახალციხის საკრებულოს წევრის ჯიმშერ გოგოლაურის სარჩელი ახალციხის მერის გიორგი კოპაძის წინააღმდეგ დააკმაყოფილა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი კოპაძემ ტელეკომპანია "მეცხრე არხის" გადაცემა "დიალოგში"ჯიმშერ გოგოლაურზე გაკეთებული ცილისმწმამებლური განცხადება უნდა უარყოს. სწორედ ამ გადაცემაში უთხრა გიორგი კოპაძემ დეპუტატ ჯიმშერ გოგოლაურს, რომ "მაშინ როცა იგი პოლიციის თანამშრომელი იყო, პატიმრებს ბოთლებზე სვამდა და პატიმრები ამის გამო ფანჯრებიდან ხტებოდნენ".
მოსამართლის თქმით, სასამართლოში წარმოდგენილ დისკზე აშკარად ჩანს, რომ კოპაძე პირადად ჯიმშერ გოგოლაურს მიმართავს და ცილს სწორედ მას სწამებს: "ეს მიჩნეულ იქნა ცილისწამებად და ამავე გადაცემაში ამის უარყოფა დაევალოს მერს. ასევე გადაიხადოს ბაჟი 100 ლარი".
"ვითხოვდით, რომ ბოდიში მოეხადა "სამხრეთის კარიბჭეშიც", მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილება თითქმის სრულად დაკმაყოფილდა, აღარ გავასაჩივრებთ“, –ამბობს ჯიმშერ გოგოლაური.
ახალციხის მერის განცხადების გამო გოგოლაურმა ჯერ პროკურატურას მიმართა. პროკურატურამ საქმეზე გამოკითხვებიც დაიწყო, თუმცა, საქმის წარმოება აღარ გააგრძელა იმ მოტივით, რომ ეს სამოქალაქო დავაა.
ამის შემდეგ, 2016 წლის 1 თებერვალს, გოგოლაურმა სამოქალაქო სარჩელი სასამართლოში შეიტანა. გოგოლაური ახალციხის მერისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდასა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურებას ითხოვდა.