15 მარტს ქართულმა არტილერიამ 24 წლის იუბილე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებები საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების I საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე _ ვაზიანში და II საარტილერიო ბრიგადაში _ ქალაქ ხონში ერთდროულად მიმდინარეობდა.
არტილერია ყველა ქვეყნის სახმელეთო ძალების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ქართველ არტილერისტებს საამაყო ბიოგრაფია აქვთ. ეს ბიოგრაფია გვიანი შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს, საქართველოს პირველი რესპუბლიკით გრძელდება და მოდის დღემდე. ქართველმა არტილერისტებმა საკუთარი პროფესიონალიზმი არაერთხელ დაამტკიცეს. არტილერიის დღის 15 მარტს აღნიშვნის ტრადიციაც სწორედ ამ საამაყო ბიოგრაფიის ნაწილია და საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან ფურცელს უკავშირდება.
ზუსტად 23 წლის წინ, 15 მარტს, როდესაც მოწინააღმდეგემ ინტენსიური საარტილერიო სროლებით დაარღვია მოქმედი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და იერიში მიიტანა სოხუმზე, როდესაც რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები და აფხაზური შეიარაღებული ფორმირებები უტევდნენ სოხუმს, ყველაზე ფართომასშტაბიანი, "მარტის შემოტევის" მოგერიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების არტილერიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა.
არტილერისტებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა პირველ საარტილერიო ბრიგადაში მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ამასთან ერთად, თინათინ ხიდაშელმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიება სამხედრო ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გახსნა.
"არტილერისტებს მინდა მივულოცო პროფესიული დღე. აქაც, ამ ბრიგადაშიც, როგორც ხონში, იმართება ღონისძიება და მინდა, აქედან შევეხმიანო II საარტილერიო ბრიგადის მთელ შემადგენლობას, მეთაურს, ყველას მინდა წარმატება ვუსურვო; ქვეყანას არ დასჭირვებოდეს მათი სამსახური, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც მთელი ამ 24 წლის განმავლობაში, თავგანწირვით და მხედრული მამაცობით გვერდში დაუდგებიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს მადლიერები ვართ, ვიხსენებთ გმირებს, რომლებიც, სწორედ ამ საარტილერიო ბრიგადებიდან იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას ყველა ომში, რომელიც საქართველომ გადაიტანა და კვლავ იმედიანად ვართ", _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საზეიმო ღონისძიება როგორც ვაზიანში, ასევე ხონში დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. ოფიცრები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის დააჯილდოეს. ღონისძიებაზე სტუმრებს ბრიგადის შეიარაღებისა და ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ. ღონისძიებებს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ბრიგადების პირადი შემადგენლობები, ასევე სამხედროების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
(R)