გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა
მოსაზრება, რომ NATO -ში გაწევრიანების შემთხვევაში, საქართველოში აუცილებლად განთავსდება NATO -ს ჯარი, მცდარია.
სინამდვილეში, ქვეყნის NATO -ში გაწევრიანება არ არის დაკავშირებული NATO -ს შეიარაღებული ძალების წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებასთან. ამასთან, NATO -ს არ ჰყავს ჯარი. NATO -ს შეიარღებულ ძალებს მისი წევრი ქვეყნების სამხედრო ძალები წარმოადგენს და მშვიდობიანობის დროს ეს ძალები ეროვნული მთავრობის განკარგულებაში არიან. NATO -ში გაწევრიანების შემთხვევაში, NATO -ს ჯარის ან მისი სამხედრო ბაზის განთავსება ახალგაწევრიანებული ქვეყნის ტერიტორიაზე ავტომატურად არ ხდება.
ვინაიდან ალიანსის მიზანი ევროატლანტიკურ არეალში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფას წარმოადგენს, NATO -ს სამხედრო შესაძლებლობების გამოყენება ხდება მხოლოდ თავდაცვის მიზნით და იმ შემთხვევაში, თუ მის წევრ ქვეყანას საფრთხე დაემუქრება. NATO -ში ყველა წევრი ქვეყანა ინარჩუნებს სუვერენიტეტს და თავად განსაზღვრავს, რა ტიპის დახმარება სჭირდება NATO -სგან. მაგალითად: ბალტიის ქვეყნების NATO -ში გაწევრიანების შემდეგ, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ალიანსმა საჰაერო პატრულირების გზით დაიწყო ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის საჰაერო სივრცის დაცვა. ეს ოპერაცია ნიშნავს NATO -ს თვითმფრინავების მიერ ბალტიის საჰაერო სივრცის მუდმივ პატრულირებას.
საქართველოს NATO -ში გაწევრიანების შემდეგ, NATO -სა და საქართველოს შორის კონსულტაციების შედეგად განისაზღვრება საჭირო დახმარების ტიპი და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება. ყველა ამ დახმარების მიზანი მხოლოდ მისი უსაფრთხოების გამყარება იქნება.
(R)