17 წლამდელთა შორის საქართველოს ოფიციალურ პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელსაც დედაქალაქმა სპორტკომპლექს "არენაში" უმასპინძლა, ლანჩხუთის სპორტული ცენტრი ოთხი მოჭიდავით იყო წარმოდგენილი. პირველობისთვის ლანჩხუთელთა გუნდი ზაზა ღლონტმა და დავით მჟავიამ მოამზადეს.
აღნიშნული პირველობა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გაიმართა, სადაც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტის 250-მდე ფალავანი სხვადასხვა წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
17 წლამდელთა პირველობაზე ლანჩხუთელთაგან მნიშვნელოვან წარმატებას ზაზა ღლონტის აღზრდილმა გიორგი შოთაძემ მიაღწია და 50 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულიც ირგუნა, რითაც მწვანე შუქი აინთო წელს გასამართი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობის მისაღებად. ევროპის ჩემპიონატი ივლისში შვედეთში გაიმართება, ხოლო სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატს პირველად საქართველო უმასპინძლებს. ლანჩხუთელ ფალავანს ოქროს მედალი ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, მანუჩარ კვირკველიამ გადასცა.
გიორგის მწვრთნელის ზაზა ღლონტის თქმით, საამაყოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ქვეყნის ღირსებას სხვებთან ერთად ლანჩხუთელი ფალავანიც დაიცავს.
"ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა, როგორც ლანჩხუთის სპორტული ცენტრისთვის ასევე გურიის ჭიდაობის ფედერაციისთვისაც.
ეს პირველობა საკმაოდ მნიშვნელოვანი და ტიტულოვანია, იგი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და მასში 250-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ტურნირის მთავარი მსაჯი მსოფლიო ჩემპიონი თემურ ყაზარაშვილი იყო. ნამდვილად შეუდარებლად იასპარეზა ჩვენებურმა გიორგი შოთაძემ. მან ფაქტობრივად, ერთი ამოსუნთქვით მოიგო ოთხივე შეხვედრა. თუმცა, განსაკუთრებული მაინც მის უშუალო კონკურენტთან, სენაკელ ფალავანთან ფინალური შეხვედრა იყო. გასულ წელს სწორედ მასთან დათმო ტრამვირებულმა შოთაძემ ფინალური ორთაბრძოლა, ახლა კი რევანში აიღო და ქულათა დიდი უპირატესობით შესძლო მისი დამარცხება.
აღსანიშნავია, რომ გიორგიზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებს, როგროც 17 წლამდელტა ნაკრების მწვრთნელი დავით ბედინაზე, ასევე მთლიანად საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია, რაც ნამდვილად ერთნაირად საამაყო როგორც ცემთვის, ასევე მთლიანად ლანჩხუთის სპორტული ცენტრისა და გურიის ჭიდაობის ფედერაციისთვის" , -ამბობს ლანჩხუთელი ჩემპიონის აღმზრდელი მწვრთნელი ზაზა ღლონტი.