(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 21-23 დეკემბერს, თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში. სოფელ ლიხაურის ჭიდაობის სკოლის ხელმძღვანელისა და მწვრთნელის, ალექსანდრე ბოლქვაძის ინფორმაციით, 55 კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა ზურაბ მაჭარაშვილი (მწვრთნელი გურამ მაჭარაშვილი), მძიმე წონით კატეგორიაში ასევე მეორე ადგილი რევაზ ჭელიძემ დაიკავა (მწვრთნელი ანზორ ლომაძე), 96 კგ. წონით კატეგორიაში მესამე იყვნენ ორი ოზურგეთელი მოჭიდავე _ ვლადიმერ ქარჩავა (მწვრთნელი თენგიზ მუჯირი) და ბექა ჩოფლიანი (ლიხაურის ჭიდაობის სკოლა, მწვრთნელი ალექსანდრე ბოლქვაძე). საბოლოო შედეგით ოზურგეთელი ფალავნები მეოთხე გუნდურ ადგილს დასჯერდნენ.
_ ამ ეტაპზე ახალგაზრდული ნაკრებით წარვდექით ჩემპიონატზე. შედეგი დამაკმაყოფილებელია. ჩვენი ოთხივე სპორტსმენი გამოძახებულია საწვრთნელ შეხვედრაზე დუშეთში, შემდეგ კი სხვადასხვა ტურნირებზე გამოვლენ. ოზურგეთელ მოჭიდავეებს, რომლებიც საპრიზო ადგილზე გავიდნენ, დაენიშნათ ხელფასი ერთი წლის განმავლობაში, _ გვითხრა ბოლქვაძემ.